Angel’s food cake- ანგელოზების ნამცხვარი
ჩვენი დღევანდელი დესერტი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ცნობილი ნამცხვარია. ის განსხვავდება სხვა მსგავსი ნამცხვრებისგან თავისი არჩვეულებრივი ფორებიანი სტრუქტურით და უნიკალური გემოვნური თვისებებით, ტყუილად კი არ შეარქვეს მას ანგელოზების ნამცხვარი. ენჯელ ქეიქის ათასი ვარიაცია არსებობს, მას შოკოლადით, კრემით და სხვადასხვა სოუსებით ან შიგთავსით ამზადებენ. ჩვენ კი დღეს კლასიკურ ვარიანტს შემოგთავაზებთ -მარწყვით და ათქვეფილი ნაღებით.
დაგვჭირდება:
12 კვერცხის ცილა
230 გ შაქარი
1 ჩ.კ. ლიმონმჟავა
2 ჩ.კ.ვანილის ექსტრაქტი (შეგიძლიათ ჩვეულებრივი ვანილიც გამოიყენოთ, მაგრამ ექსტრაქტი ამ შემთხვევაში უკეთესია)
160 გ ფქვილი
მწიკვი მარილი
შაქარი, მარილი და ლიმონმჟავა ავურიოთ ერთმანეთს. დავიწყოთ ცილების ათქვეფა. კარგი მყარი ბეზეს კონსისტენციამდე რომ ავთქვიფავთ, დავიწყოთ ნელ-ნელა შაქრის მასის დამატება. გამუდმებით ვთქვიფოთ ცილა და შაქარი, ჰაეროვან მასას რომ მივიღებთ, დავუმატოთ ვანილი,
გამოვთოთ მიქსერი და ფრთხილად, ნელ-ნელა დავუმატოთ ფქვილი. მოვურიოთ კოვზით ფრთხილად და გადავასხათ ცომი 20-22 სმ საცხობ ფორმაში. კლასიკურ ვარინტში ფორმას უნდა ჰქონდეს ამოღებული გული. ვაცხობთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40-45 წუთი.
გამომცხვარი ბისკვიტი გავაგრილოთ და მოვრთოთ მარწყვით და ათქვეფილი ნაღებით.
გემრიელად მიირთვით!