ჩიაბატა
ჩიაბატა ან ჩაბატა (ciabatta) -იტალიურად ფეხსაცმელი. პურს ასე თავის ფორმის გამო შეარქვეს. მას ხრატუნა ზედაპირი და ფორებიანი გული აქვს. განსაკუთრებით გემრიელია ჩიაბატას ბუტერბროდები, ბრუსკეტები და კროსტინი.
დღეს ჩვენ პურს წყალზე ვამზადებთ, მაგრამ თუ წყლის ნაცვლად რძეს გამოიყენებთ გამოვა უფრო ნაზი ჩიაბატა ალ ლატე (ciabatta al latte).
ჩვენ უმარტივეს ინსტრუქციებს თუ მიყვებით, ისეთ გემრიელ, ხრატუნა და ჰაეროვან, ნაკლებ საფუარიან პურს მიიღებთ, რომელსაც თბილისის მაღაზიებში ნამდვილად ვერ შეიძენთ.
დაგვჭრდება:
2 ჭიქა ფქვილი
1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი
1,5 ჩ.კ. მარილი
1 ჩ.კ. საფუარი
1 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ამ რეცეპტში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მხოლოდ ერთ ჩაის კოვზ საფუარს ვხმარობთ და ხელით ბევრი მუშაობა და ცომის მოზელვა არ გვჭირდება. დრო გააკეთებს ყველაფერს ჩვენს ნაცვლად.
ფქვილი გავცრათ მოზრდილ ჯამში, დავუმატოთ საფუარი, მარილი, მოვურიოთ და დავუმატოთ ნელ-ნელა წყალი და ზეთი. თან მოვზილოთ ცომი ხის კოვზით. ცომი როგორც კი შეიკვრება, გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ოთახის ტემპერატურაზე მინიმუმ 24 საათით.
მოვაყაროთ ზევიდანაც ფქვილი და თითებით გავაბრტყელოთ. მივცეთ ცომს ოთხკუთხედის ფორმა და დავკეცოთ ორი კიდედან, კონვერტივით.
ამ პროცესს ვიმეორებთ კიდე ორჯერ. ბოლოს მივცეთ ჩვენ ცომს პურის ფორმა და გადავიტანოთ საცხობ ფორმაზე. კარგად მოვაყაროთ ფქვილი ყველა მხრიდან, გადავაფარებთ ნოტიო ჩაის ტილო და დავტოვოთ კიდე ერთი 2 საათით ამოსაფუებლად.
ვაცხობთ 50 წუთი 170 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში, შემდეგ 10-15 წუთი 200 გრადუსამდე გახურებლ ღუმელში.
უმჯობესია, ღუმელში წყლიან ტაფას თუ მოვათავსებთ- ასე პური ორთქლში გამოცხვება და უფრო ნოტიო იქნება.
რამდენიმე წუთში სახლში მსოფლიოში უგემრიელესი, ახლად გამომცხვარი პურის სურნელი დატრიალდება და ოჯახის ყველა წვერს კარგ ხასიათზე დააყენებს.
გემრიელად მიირთვით!
P.S მასალა გაააორმაგეთ, 2 მოზრდილი პირი გამოგივათ და მეორე დღეს ბრუსკეტებისთვისაც გექნებათ!