ღვეზელი ყველით, ისპანახით და თოხლო კვერცხით
დღეს მოვამზადებთ ღვეზელს, რომელიც ჩვენი აჭარულის შორეული ნათესავია, შესაძლოა გარე ბიძაშვილი :) . პრაქტიკულად იგივე წესით მზადდება, შესახედავადაც ჰგავს და ძალიან გემრიელია.
ცომისთვის დაგვჭირდება:
300 მლ თბილი წყალი
200 მლ რძე
1 ჩ.კ. საფუარი
1 ჩაის კოვზი მარილი
1 ჩაის კოვზი შაქარი
1 კგ ფქვილი
100 გ კარაქი
შიგთავსისთის:
1 კგ ისპანახი
800 გ მოცარელა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ჭყინტი სულგუნი ან იმერული ყველი)
1 თავი ხახვი
50 გ კარაქი
4 კვერცხი
მარილი
წიწაკების მიქსი
მოვამზადოთ საფუარის ცომი: წყალს დავამატოთ რძე (თბილი უნდა იყოს, მაგრამ ცხელი არა) ჩავყაროთ მარილი, შაქარი, თანდათან დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ, დავამატოთ დამდნარი კარაქი და ისევ ვზილოთ. მზა ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და დავდგათ თბილ ადგილას 1 საათით ამოსაფუებლად.
ამასობაში, მოვწალოთ ისპანახი და კარგად გავწუროთ.
კარაქში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შევურიოთ ისპანახი, დავუმატოთ ცოტა მარილი და წიწაკები, შემდეგ შევურიოთ გახეხილი ყველი.
როდესაც ცომი ამოვა, გავანაწილოთ 4 თანაბარ ნაწილად. გავაბრტყელოთ 0,5 სმ. სისქეზე და მივცეთ ოვალური ან მრგვალი ფორმა. ტაფაზე მოვაყაროთ ფქვილი, დავდოთ ცომი და შუაგულში მოვათავსოთ შიგთავსი, გვერდებიდან ცომი ამოვახვიოთ ისე, რომ შიგთავსი არ გადმოვიდეს და შევდგათ გამოსაცხობად 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. როცა ცომი გაოქროსფერდება, გამოვიღოთ ღუმელიდან, კოვზით ცოტა ჩავაღრმავოთ ცომის შუაგული, შემდეგ ჩავახალოთ ერთი კვერცხი და ისევ შევდგათ ღუმელში 3-4 წუთით.გამზადებულ ღვეზელს მოვაყაროთ ზევიდან ცოტაოდენი წიწაკა.
გემრიელად მიირთვით!