მაყვლის ტარტი ლავანდით
ჩვენი დღევანდელი დესერტს განსაკუთრებულ არომატს ლავანდას ყვავილები ანიჭებენ. ძალიან ლამაზი, გემრიელი და საინტერესო ტარტი გამოგვივა.
ცომისთვის დაგვჭირდება:
225 გ ფქვილი
125 გ კარაქი
50 გ შაქარი
1 კვერცხი
მწიკვი მარილი
კრემისთვის დაგვჭირდება:
500 მლ რძე
200 გ შაქარი
2 კვერცხი
2 ს.კ. ფქვილი
1 ს.კ. სახამებელი
ვანილი
1 ჩ.კ. ხმელი ლავანდას ყავილები
100 გ კარაქი
400-500 გ მაყვალი
შაქრის პუდრა
მოვამზადოთ კრემი: კარგად ავთქვიფოთ კვერცხი და შაქარი გათეთრებამდე, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი, კიდე ავთქვიფოთ კარგად.
ცალკე ავადუღოთ რძე, რომელშიც გავხსნით ლავანდას ყავავილებს.
ჩავასხათ გოგლი-მოგლში მდუღარე რძე და გავაგრძელოთ თქვეფა. დავდგათ კრემი დაბალ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ. კრემი უნდა მოვხარშოთ სქელძირიან ქვაბში, რომ არ მიიწვას.
როგორც კი კრემი ადუღდება, დავამატოთ ვანილი და გამოვრთოთ ქურა. კიდე კარგად მოვურიოთ კრემს და დავტოვოთ გასაგრილებლად.
ამასობაში მოვამზადოთ ცომი: ფქვილი და ცივი კარაქი ავკეპოთ, შემდეგ დავუმატოთ შაქარი, მწიკვი მარილი და კვერცხი და მოვზილოთ ცომი. როგორც კი გუნდა შეიკვრება, გადავაფაროთ პლასტიკი და შევინახოთ 1 საათით მაცივარში. შემდეგ გამოვიღთ, გავაბრტყელოთ და ჩავაფინოთ ფორმაში. დავჩხვლიტოთ ჩანგლით, რომ არ ამოვიდეს უსწორ-მასწოროდ. გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 20 წუთი.
გაგრილებულ კრემს შევათქვიფოთ დარბილებული კარაქი და შევდოთ 1-2 საათით მაცივარში. კარგად რომ გაცივდება, კრემი წავუსვათ ტარტის ძირს. ზევიდან დავალაგოთ მაყვალი. ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა, ასევე მოვრთოთ ლავანდას ყვავილებით.
გემრიელად მიირთვით!