ბლანმანჟე ჟოლოს ქუდით
სანამ სეზონია, რამდენიმე გემრიელი ჟოლოს დესერტის მომზადებასაც მოვასწრებთ. დღეს ბლანმანჟეს დავუთმოთ დრო.
მას შემდეგ, რაც შუა საუკუნეებში არაბებმა ევროპაში ნუში შეიტანეს, ევროპელებმა ნელ-ნელა მისი გამოყენება დაიწყეს და, თანდათან, ნუში დესერტების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი გახდა. კლასიკურ რეცეპტებში ბლანმანჟეც სწორედ ნუშის რძით მზადდება. ჩვენც დღეს ასეთი რეცეპტით ვიხელმძღვანელებთ და ძალიან გემრიელ, გამაგრილებელ დესერტს მოვამზადებთ.
დაგვჭრდება:
500 მლ რძე
200 მლ ნაღები
150 გ შაქარის პუდრა
2 ჩ.კ. ჟელატინი
150 გ კანგაცლილი ნუში
ვანილი
1 ლიმონის ცედრა და წვენი
500 გ ჟოლო
ჟელატინს დავასხათ 50 მლ წყალი და დაველოდოთ ერთი 20 წუთი, რომ გაფუვდეს.
რძეს დავუმატოთ შაქრის პუდრა, ნუში, ვანილი , ლიმონის ცედრა და წვენი. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ გადაწურული ჟელატინი და დაბალ ცეცხლზე მივიყვანთ ადუღებამდე. გამოვრთოთ ქურა და გადავწუროთ თხელ საცერში. გავაგრილოთ და შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.
შევავსოთ ამ მასით სასურველი ფორმები (ან ლამაზი ჭიქები) ნახევრამდე და შევდოთ დაახლოებით 2 საათით მაცივარში.
ამის შემდეგ, გამოვიღოთ ბლანმანჟე მაცივრიდან, შევავსოთ ფორმები ჟოლოთი და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!