ნამცხვარი თეთრი ღვინით, ყურძნით და მუსკატით
შემოდგომის სეზონს და რთველს ვერ გამოვტოვებთ ისე, რომ ეს ძალიან გემირლი ნამცხვრი ერთხელ მაინც არ გამოვაცხოთ.
ჩვენ ერთხელ უკვე მოვამზადეთ შოკოლადის ნამცხვარი საფერავით, დღეს კი თეთრ ნახევრადტკბილ ღვინოს გამოვიყენებთ და ყურძენსაც დავუმატებთ.
დაგვჭირდება:
250 გ კარაქი
200 გ შაქარი
4 კვერცხი
100 მლ თეთრი ნახევრადტკბილი ღვინო
1 ჩ.კ. სოდა ან გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი
ვანილი
დანის წვერზე მუსკატი
2 ჭიქა ფქვილი
1 პეშვი უკურკო ყურძენი (თეთრი ან შავი- თქვენი გემოვნებით)
შაქრის პუდრა
კარაქი და შაქარი კარგად გავთქვიფოთ, დავუმატოთ კვერცხი, მწიკვი მარილი, ვანილი, მუსკატი. შემდეგ დავუმატოთ სოდა, ღვინო და ფქვილი, ავთქვიფოთ მიქსერით დაბალ სიჩქარეზე და ბოლოს დავუმატოთ ყურძენი. ფრთხილად მოვურიოთ და გადავასხათ საცხობ ფორმაში.
ფორმას წინასწარ კარგად წავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ცოტაოდენი ფქვილი ან ჩავაფინოთ საცხობი ქაღალდი.
ვაცხობთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
გამომცხვარი ნამცხვარი გავაგრილოთ და მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!