ტორტელინი ტომატის ბულიონში
მოვამზადოთ ტორტელინი კლასიკური კლასიკური იტალიური ინგრედიენტებით და ჩავალაგოთ ისინი არომატულ ბულიონში. წვიმიან, ცივ შემოდგომის დღეს სხვა რა უნდა ვინატროთ?
დაგვჭირდება:
100 გ ღორის ხორცი
100 გ ქათმის ან ინდაურის მკერდი
50 გ მორტადელა (იტალიური ცხიმიანი ძეხვი)
50 გ პროშუტო (პარმული ლორი)
1 კვერცხი
დანის წვერზე მუსკატი
მარილი
ფერადი წიწაკა
ცოტაოდენი კარაქი
100 გ დაფხვნილი პარმეზანი
1 ლ ქათმის ბულიონი (შეგიძლიათ ხორცის ან ბოსტნეულისაც გამოიყენოთ, თვენი გემოვნებით)
1 ს.კ. ტომატი
მოვამზადოთ ტორტელინის ცომი, როგორც უკვე ვისწავლეთ და სანამ ცომი ისვენებს, დავიწყოთ შიგთავსის მომზადება: სქელძირიან ტაფაზე კარაქში მოვთუშოთ ღორის ხორცი, შემდეგ ქათმის მკერდი. ცოტა რომ შეგრილდება, გავატაროთ მანქანაში ან ბლენდერში მორტადელასთან და ლორთან ერთად, დავუმატოთ კვერცხი, 50 გ პარმეზანი, მუსკატი, მარილი და წიწაკები.
გავაბრტყელოთ ცომი და ამოვჭრათ 4 სმ დიამეტრის წრეები. დავდოთ ამ წრეებზე ცოტაოდენი შიგთავსი, კიდეები დავასველოთ რძით ან კვერცხის გულით და გამოვძერწოთ ნახევარმთვერეს ფორმეის კვერები. შემდეგ კიდეები შევაერთოთ და ბუტონები გამოგვივა.
ბულიონში გავხსნათ 1 ს.კ. ტომატი, მარილი, წიწაკები, მივიყვანოთ ადუღებამდე და ჩავყაროთ ჩვენი ტორტელინი. ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 3-5 წუთი.
გადავიტანოთ გამზადებული წვნიანი პორციულ თეფშებზე და მოვაყაროთ გახეხილი პარმეზანი.
გემრიელად მიირთვით!