კომშის მარინადი
ამ არაჩვეულებრივი მარინადის რეცეპტი ჩემმა გურმე - მეგობარმა მასწავლა. მასთან გავსინჯე ასეთი ხერხით დამარინადებული ქლიავი, ალუბალი და შინდი. საოცრად გემრიელი იყო ყველა, განსაკუთრებით ქლიავი.
როგორც აღმოჩნდა, ამ ხერხით სხვა ხილის და ბოსტნეულის დამარინადებაც შესაძლებელია. ერთ - ერთი ჩემი ფავორიტი- კომშის მარინადია, რომელსაც დღეს მოვამზადებთ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ზუსტად იგივე მეთოდით პრაქტიკულად ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული დაამარინადოთ, თქვენი გემოვნებით.
დაგვჭირდება:
1 ლ თეთრი ღვინის ძმარი
1 ჭიქა წყალი
2 ჭიქა შაქარი
1 ს.კ. ზღვის მარილი
1-2 დარიჩინის ჩხირი
5-6 ცალი მიხაკი
2-3 კგ კომში
ყველა ინგრედიენტი ერთად მოვათავსოთ ემალირებულ ქვაბში, წამოვადუღოთ და ვხარშოთ 3-5 წუთი.
კომში კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ სასურველ ნაჭრებად. მჭიდროდ ჩავალაგოთ გასტერილებულ ქილებში, დავასხათ მდუღარე მარინადი ისე, რომ ქილები ბოლომდე შეივსოს და მოვხუფოთ. გადმოვაყირავოთ ქილები და ამ მდგომარეობაში გავაგრილოთ.
გემრიელად მიირთვით!