მანანა ბებოს აჯიკა
გადავწყვიტე, დღევანდელი დღე მივუძღვნათ იმას, რაც ჩვენ კერძებს ზამთრის დღეებში განსაკუთრებუთ აგემრიელებს და დასრულებულ ნოტებს სძენს- სოუსებს, მარინადებს და მწნილებს.
პირველ რიგში, მინდა გასწავლოთ ჩემი საყვარელი აჯიკის რეცეპტი. ამ აჯიკას ჩემი ბებო ამზადებდა ხოლმე. ის საწებელივით თხევადია, ამიტომ გირჩევთ ბოთლებით შეინახოთ.
ბებოს შემწვარ კარტოფილთან ერთად ამ აჯიკის მირთმევა ერთი სიამოვნება იყო. ჩემი ბებო კარტოფილსაც განსაკუთრებით გემრიელად წვავდა. ბებოები ხომ საერთოდ ასეთები არიან!
დაგვჭირდება:
5 კგ პომიდორი
2კგ. წითელი ბულგარული წიწაკა
300 გრ. ნიორი
ცხარე წითელი წიწაკა- გემოვნებით
6 ს.კ. მარილი
0,5 ლ ძმარი
გავრეცხოთ და გავარჩიოთ წიწაკა, გავარჩიოთ ნიორი, გავფცქვნათ პომიდორი. გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ყველაფერი ერთად, დავამატოთ მარილი და ძმარი. ჩავასხათ ეს მასა ემალირებულ ქვაბში და გავჩეროთ ერთი 4-5 დღე ოთახის ტემპერატურაზე. დილას და საღამოს ვურიოთ.
ამის შემდეგ, გადავასხათ შუშის ქილებში და შევინახოთ გრილ ადგილას.
გემრიელად მიირთვით!