მანანა ბებოს ნაპოლეონი
ჩემი ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონებები არომატებითაა სავსე.
ყველაზე ტკბილი მოგონებების უმრავლესობა კი ჩემ უსაყვარლეს და უთბილეს მანანა ბებოსთანაა დაკავშირებული.
ბებოს სახლსაც თავისი განუმეორებელი სურნელი ჰქონდა, ბებოს დაკრახმალებულ თეთრეულსაც, ბებოს კარადებსაც. განსაკუთრებით მძაფრად ბებოს სამზარეულოს ერთი პატარა კარადის არომატები მახსოვს- ვანილის, რომის, მუსკატის და კიდე რაღაც ძალიან გემრიელი სუნელების და ესენციებიც.
ბებო საოცარ ნამცხვრებს აცხობდა. მთელ ჩვენ სანათესაოში, სამეგობროში და სამეზობლოში განთქმული იყო მანანა ბებოს ნაპოლეონი, ვაშლის "კარალევსკი პეროგი", მიშკა, იდეალი...
ათასჯერ მაინც მაქვს ნანახი, როგორ ამზადებდა ბებო ნამცხვერს, ყოველ ჯერზე მისი რეცეპტებით ვხელმძღვანელობ. ჩემი ოჯახის წევრები და სტუმრები კომპლიმენტებს არ იშურებენ ჩემთვის. და მაინც, მე მაინც არასდროს ვარ შედეგით კმაყოფილი. ბებოს ნამცხვრებს მაინც სულ სხვა გემო და არომატები ჰქონდა.
დღეს გამოვაცხობთ ბებოს ნაოლეონს, რომელიც მართალია, არც ისე მარტივია, მაგრამ სრულიად არაჩვეულებრივია. განსაკუთრებული შემთხვევის დროს ნამდვილად ღირს ამისთვის შრომა.
დაგვჭირდება:
1 ჭიქა ცივი წყალი
1 კვერცხი
1 ს.კ. ძმარი
1 ს.კ. არაყი
3,5 ჭიქა ფქვილი
300 გ ცივი მარგარინი
მოხარშული კრემისთვის დაგვჭირდება:
4 კვერცხი
1 ლ რძე
1,5 ჭიქა შაქარი
2 ს.კ. ფქვილი
2 ს.კ. სახამებელი
ვანილი
200 გ კარაქი
შაქრის პუდრა
წყალში კარგად გავხსნათ კვეცხი, არაყი და ძმარი, შემდეგ შევურიოთ ფქვილი და მოვზილოთ ცომი. გადავიტანოთ დაფაზე, შუაგულში ჩავჭრათ მარგარინი, გადავკეცოთ კონვერტივით და გავაბრტყელოთ. შემდეგ ისევ გადავკეცოთ კონვერტივით და კიდე გავაბრტყელოთ. ასე გავიმეორებთ სამჯერ, ბოლოს გადავკეცავთ კონვერტივით, ჩავჭრათ ისე, რომ 4 თანაბარი ნაწილი გამოვიდეს. გადავაკრავთ პლასტიკს და შევდებთ მაცივარში მინიმუმ 1 საათით, შესაძლოა მთელი ღამითაც.
ამასობაში მოვამზადოთ კრემი:
კვერცხი და შაქარი კარგად ავტვიფოთ, დავუმატოთ ფქვილი და სახამებელი.
რძე მივიყვანოთ ადუღებამდე და შევურიოთ კვერცხის მასას. კარგად ავთქვიფოთ და ისევ დავდგათ დაბალ ცეცხლე. მივიყვანოთ ადუღებამდე, თან სულ ვურიოთ. რომ საიწყებს დუღილს, გამოვრთოთ ქურა და დავუმატოთ ვანილი. კიდე კარგად ავთქვიფოთ. გავაგრილოთ კრემი და შევდოთ მაცივარში 1-2 საათით.
ამის შემდეგ, კარგად ავთქვიფოთ კარაქი და დავუმატოთ თითო კოვზი მოხარშული კრემი. კარგად ავტვიფოთ და გამოყენებამდე ისევ მაცივარში შევდოთ.
შემდეგ რიგრიგობით ვიღებთ ცომს მაცივრიდან, ვაბრტყელებთ და ვაცხობთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ნაპოლეონის ცომი რიგ-რიგობით გამოვიღოთ მაცივრიდან, გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 4 თანაბარი ფორფიტა 200 გრადუსამდე გახურებილ ღუმელში.
რომ გაგრილდება, სამ ფენას წავუსვათ კრემი, ხოლო მეოთხე დავფშვნათ და მოვაყაროთ ზევიდან.
ბოლოს გამზადებულ ნაპოლეონს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!