შოკოლადის ტორტი
თუ ტორტი არასდროს მოგიმზადებით და ფიქრობთ, რომ მისი მომზადება ძალიან რთულია, ჩვენი დღევანდელი რეცეპტი თქვენთვისაა. უგემრიელესი შოკოლადის ტორტი გამოგვივა, თან ძალიან მარტივად მოვამზადებთ.
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
250 გ ფქვლი
1 სავსე ჩ.კ. სოდა
1 ჩ.კ. მარილი
300 გ შაქარი
55 გ კაკაო
2 კვერცხი
60 გ კარაქი
60 გ ზეითუნის ან სიმინდის ზეთი
ვანილის ესენცია (ამ ტორტს განსაკუთრებით უხდება სწორედ ეს ექსტრაქტი და არა ვანილი)
300 მლ რძე
1 ს.კ. ძმარი
შოკოლადის და ყავის კრემისთვის დაგვჭირდება:
200 გ კარაქი
140-150 გ შავი შოკოლადი
100 გ კაკაო
230 გ შაქრის პუდრა
1 ს.კ. ხსნადი ყავა
150 გ მოხალული თხილი
ფქვილს შევურიოთ მარილი, სოდა, შაქარი და კაკაო. შემდეგ დავუმატოთ კვერცხი, რბილი კარაქი, ზეთი, ვანილის ექსტრაქტი, რძე და ბოლოს ძმარი. კარგად ავთქვიფოთ მიქსერით. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი, პრიალა მასა.
გადავიტანოთ ეს მასა ტორტის გამოსაცხობ ფორმაში. იდეალური 20 სმ დიამეტრის ფორმა. ფორმას ჩავუფინოთ საცხობი ქაღალდი. გასათვალისწინებელია, რომ რადგან ტორტი კარგად ამოდის. ამიტრომ ფორმა არ უნდა იყოს სავსე.
გამოვაცხოთ 175 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 1 საათი.
გამომცხვარი ბისკვიტს ვაგრილებთ თავდაყირა, ხის ან მეტალის ბადეზე.
გაგრილებული ბისკვიტი გადავახვიოთ პლასტიკში ან ჩავდოთ კონტეინერში და შევდოთ მაცივარში ერთი 3-4 საათით, ან სულაც მთელი ღამით. ამასობაში ბისკვიტი კარგად დანოტივდება და დარბილდება. ის უკეთეს სტრუქტურას შეიძენს და უფრო მარტივად გაიჭრება.
მოვამზადოთ კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ ნელ-ნელა შაქრის პუდრა და კაკაო. კარგად ავთქვიფოთ.
შოკოლადი გავალღვოთ ორთქლზე, გავხსნათ შოკოლადიში ყავა და დავუმატოთ ეს მასა კრემს. კიდე ავთვიფოთ.
ამის შემდეგ გადავიტანოთ საკონდიტრო ტომარაში და შევდოთ მაცივარში ერთი ნახევარი საათით.
ჩვენი ტორტი გავჭრათ სიბრტყეზე ორ ან სამ თანაბარ ნაწილად (მე სამ ფენას გირჩევთ) და კარგად წავუსვათ ყველა ფენას კრემი. ასევე, გადავუსვათ კრემი ტორტს ზევიდან და გვერდებზე და მოვაყაროთ მოხალული თხილი.
გემრიელად მიირთვით!