ნიგვზიანი პურები ნივრით და ქინძით
დღეს გადავწყვიტეთ მოახლოებული ბარბარობის საპატივცემულოდ ნიგვზის და ქინძის პურები დავაცხოთ. ნიგვზიანი პურები ძველად ძალიან მიღებული იყო ბარბარობაზე.
დაგვჭირდება:
600-700 გ ფქვილი
2 ს.კ. საფუარი
150 მლ რძე
150 მლ წყალი
50 გ კარაქი
1 ს.კ. შაქარი
1ჩ.კ. მარილი
შიგთავსისთვის:
200 გ ნიგოზი
3-4კბილი ნიორი
0,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1 პატარა კონა ქინძი
50გ კარაქი
0,5 ჩ.კ. მარილი
ფქვილი და საფუარი კარგად ავურიოთ. თბილ წყალში გავხსნათ რძე, შაქარი და კარაქი, შემდეგ ჩავასხათ ეს ნაზავი ფქვილში და მოვზილოთ ცომი. გადავდოთ ცომი 1-2 საათით თბილ ადგილას ამოსაფუებლად. შემდეგ კიდე ერთხელ ჩავზილოთ და მოვასვენოთ კიდე 1 საათი.
ნიგოზი გავატაროთ მწვანილთან და ნიორთან ერთად, დავუმატოთ ხმელი ქინძი, მარილი და დარბილებული კარაქი.
ცომისგან გამოვძერწოთ პატარა გუნდები, გავაბრტყელოთ, მოვათვასოთ ნიგვზის შიგთავსი და შევკრათ. გამოვაცხოთ პატარა ფუნთუშები სქელძირიან ტაფაზე, დაბალ ცეცხლზე. ფუნთუშები კარგად ამოვა და ცხობის დროს ამოვაბრუნოთ ერთი-ორჯერ. გამომცხვარ ღვეზელებს გადავუსვათ კარაქი და მოვაყაროთ ცოტაოდენი გატარებული ქინძი.
გემრიელად მიირთვით!