top of page

გერმანული საშობაო თაფლის კვერები Lebkuchen


ამასობაში, გვიახლოვდება ჩვენი საყვარელი დღესასწაული, სულ რამდენიმე დღეში შობას ვიზეიმებთ. ჩვენც ნელ-ნელა მზადებას ვიწყებთ: საშობაო კერძების და ტკბილეულის რეცეპტებს ვიხსენებთ, ახალ ექსპერიმენტებს ვატარებთ და მათგან საუკეთესოებს, რათქმაუნდა, თქვენ გიზიარებთ.

წელს საშობაო რეცეპტების სერიას გერმანული ლებკუხენით, საშობაო თაფლის კვერებით ვიწყებთ. ამ კვერებს ტრადიციულად შობამდე ორი-სამი კვირით ადრე აცხობენ და ინახავენ. ამასობაში გემოები და არომატები კარგად გადანაწილდება, დალაგდება, დაჯდება და საშობაოდ სრულიად არაჩვეულებრივი იქნება.

ასე რომ, ეს კვერები დღესვე შეგიძლიათ მოამზადოთ და შობამდე შეინახოთ. კიდე უკეთესი იქნება, ბავშვებსაც თუ ჩართავთ ამ საქმიანობაში. მართალია, სამზარეულო ცოტა მეტად დაგესვრებათ, სამაგიეროდ დიდ სიამოვნებას მიიღებთ თქვენც და თქვენი ბავშვებიც.

დაგვჭრდება:

100 გ კარაქი

2 კვერცხი

250 გ თაფლი

250 გ ყავისგერი შაქარი 550-600 გ ფქვილი

1 სავსე ჩ.კ. სოდა

2 ს.კ. არაყი ან კონიაკი

2 ს.კ. კაკაო

0,5 ჩ.კ. დარიჩინი

0,5 ჩ.კ. მიხაკი

დანის წვერზე მუსკატი

0,5 ჩ.კ. კარდამონი

1 ლიმონის ცედრა

1 ფორთოხლის ცედრა

ცალკე, მინანქარისთვის

ლიმონის წვენი

შაქრის პუდრა შაქარი და თაფლი შევათბოთ და კარგად მოვურიოთ. დავუმატოთ სუნელები, ლიმონის და ფორთოხლის ცედრა, შემდეგ დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ. ცოტა რომ შეგრილდება, შევათქვიფოთ კვერცხი, მოვურიოთ, დავუმატოთ ფქვილი და კაკაო, ბოლოს დავუმატოთ სოდა.

ცომი კარგად მოვზილოთ. უნდა მივიღოთ პრიალა მასა, რომელიც არ გვეკრობა ხელზე. ცომს გადავაფაროთ პლასტიკი და დავტოვოთ ასე გრილ ადგილში 24 საათით.

მეორე დღეს ლებკუხენის ცომი კიდე ცოტა ჩავზილოთ, შემდეგ გავაბრტყელოთ დაახლოებით 5 -7 მმ სისქის ფენად და გამოვჭრათ სასურველი ფორმები. დავალაგოთ გამოსაცხობად გამზადებული ორცხობილბი საცხობ სინზე, გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ კიდე ერთი-ორი საათი, შემდეგ კი გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 15 წუთი.

გამოცხობამდე 5 წუთით ადრე ფუნჯით გადავუსვათ ლებკუხენებს შაქრიანი წყალი, ასე ჩვენი ორცხობილები ლამაზად იპრიალებს.

გაგრილებულ ნამცხვარს გადავუსვათ მინანქარი. მინანქრის მოსამზადებლად ლიმონის წვენი და შაქრის პუდრა ავურიოთ ერთმანეთს ისეთი პროპორციით, რომ მივიღოთ სქლი მინანქრის მასა.

გამზადებული ლებკუხენი ჩავალაგოთ კონტეინერებში, კარგად მოვუკრათ პირი და შევინახოთ ბნელ და მშვიდ ადგილას შობამდე.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page