იხვი შავი ქლიავით წითელ ღვინოში
ვაგრძელებთ საშობაო სერიას და დღეს სასწაულ კერძს გთავაზობთ- მოვამზადებთ იხვს წითელი ღვინის სოუსში და მას შავ ქლიავს, ფორთოხლის ცდრას და სხვა გემრიელ ინგრედიენტს დავუმატებთ.
დაგვჭირდება:
1 საშუალო ზომის იხვი
20-25 ცალი შავი ქლიავის ჩირი
1 თავი ხახვი
2-3 კბილი ნიორი
4-5 ფირფიტა ბეკონი
1 ბოთლი კარგი მშრალი წითელი ღვინო
ნახევარი ფორთოხლის ცედრა
დანის წვერზე ბეგქონდარა
მარილი
წიწაკების მიქსი
იხვი გავასუფთავოთ და დავანაწევროთ. შემდეგ წავუსვათ მარილი და შევდოთ მაცივარში მთელი ღამით.
მეორე დღეს, გამოვიღოთ მაცივრიდან და შევბრაწოთ ორივე მხრიდან სქელძირიან, მაღალპირიან ტაფაზე. ამის შემდეგ, ცხიმი გადავასხათ ტაფიდან (არ გადავღვაროთ, გამოგვადგება, მაგალითად კარტოფილის შესაწვავად) და ტაფაში ჩავყაროთ დაჭრილი ბეკონი და წვრილად დაჭრილი ხახვი, ცოტა მოვთუშოთ და ჩავასხათ 1 ბოთლი ღვინო. დავუმატოთ ფორთოხლის ცედრა, ბეგქონდარა, ნიორი, 2-3 დაფნის ფოთოლი და დავაბრუნოთ იხვი. იხვი მინიმუმ 3/4 უნდა იყოს დაფარული სითხით. თუ ასე არ არის, მაშინ წყალი დავამატოთ.
დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2.5-3 საათი. იხვი ინტენსიურად არ უნდა დუღრეს, მხოლოდ უნდა მივიყვანოთ ადუღებამდე. როცა ხორცი ძვალს იოლად მოშორდება, კერძიც მზადაა. მზადყოფნამდე დაახლოებით 20-30 წუთით ადრე კერძს დავუმატოთ უკურკო შავი ქლიავის ჩირი.
ეს კერძი ძალიან კარგი იმითაც არის, რომ მისი მომზადება წინა დღეს შეიძლება. მეორე დღეს მხოლოდ გაცხელება დასჭირდება და ისევ ისეთი გემრიელი იქნება.
გემრიელად მიირთვით!