ღორის ხორცის რულეტი გარგარის ჩირით
საახალწლოდ ინდაურის და ღორის ხორცი განსაკუთრებით აქტუალური ხდება. ინდაურის ფილეს ჩვენ მთელი წლის განმავლობაში დიდი პატივისცემით და სიყვარულით ვექცევით. ეს ხორცი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლოა, ხოლო ღორის ხორცს განსაკუთრებულ დღეებში, სადღესასწაულო სუფრისთვის ვამზადებთ ხოლმე. რადგან განსაკუთრებული დღესასწაული გვიახლოვდება, ჩვენი მენიუც ღორის ხორცის რეცეპტებით იქნება გაჯერებული. დღეს გამოვაცხობთ ღორის ხორცს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი შიგთავსით.
ღორის ხორცს, ისევე, როგორც ფრინველის ხორცის უმეტესობას ძალიან კარგად ეხამება ტკბილი სოუსები, ჩირები და საინტერესო სანელებლები. დღეს ჩვენი შიგთავსის მნიშვნელოვანი კომპონენტი გარგარის ჩირია- გემრიელი, სასარგებლო და ხორცთან კომბინაციაში არაჩვეულებრივი.
დაგვჭრდება:
2 კგ ღორის ხორცის ფილე
10-12 ცალი კურაგა
1 თავი ხახვი
1-2 ნიახურის ღერი
2 ნაჭერი თეთრი პური
2 ს.კ. გირჩის თესლი ან ნუში
დანის წევრზე ბეგქონდარა
მარილი
შავი წიწაკა
ცოტაოდენი კარაქი
ღორის ხორცი კარგად გავრეცხოთ, გავშალოთ, დავაფაროთ პლასტიკი და დავბეგვოთ.
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვთუშოთ კარაქში, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიახური, დაფშვნილი პური, წვრილად დაჭრილი კურაგა და თხილეული. დავუმატოთ მარილი და წიწაკა და დავაბლენდეროთ.
გადავიტანოთ ეს მასა ხორცზე, გადავასწოროთ და შევახვიოთ რულეტივით. შევკრათ ძაფით, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა და ბეგქონდარა.
შევდოთ ხორცი 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15-20 წუთით, შემდეგ კი ცეცხლს დავუწიოთ 180 გრადუსამდე და გავაგრძელოთ გამოცხობა ხორცის მზადყოფნამდე.
გამზადებული ხორცი ერტი 15 წუთით დავტოვოთ გამორთულ ღუმელში, შემდეგ კი გადავაცალოთ ძაფი და დავჭრათ.
გემრიელად მიირთვით!