შოკოლადის ჩიზქეიქი
თუ თქვენც ჩემსავით შოკოჰოლიკი ხართ, ეს ნამცხვარი თქვენთვისაა!
ძირისთვის დაგვჭირდება:
300 გ შოკოლადის ორცხობილა
100 გ კარაქი
შიგთავსისთვის დაგვჭირდება:
750 გ კრემჩიზი
100 გ შაქარი
250 მლ 33% ნაღები
300 გ შავი შოკოლადი
4 კვერცხი
ვანილი
1 ს.კ. სახამებელი
2 ს.კ. კონიაკი ან რომი
შოკოლადის განაშისთვის:
6 ს.კ. შაქარი
3 ს.კ. კაკაო
9 ს.კ. მდუღარე წყალი
50 გ კარაქი
ორცხობილა კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ დამდნარი კარაქი. ჩავდოთ ეს მასა საცხობ ფორმაში და კარგად დავტკეპნოთ.
შევდოთ ჩვენი ძირი 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 10წუთით.
სანამ ძირი გრილდება, მოვამზადოთ შიგთავსი: ორთქლზე გავალღვოთ შოკოლადი. მიქსერის დაბალ სიჩქარეზე კარგად ავთვიფოთ კრემჩიზი და შაქარი, დავუმატოთ თითო-თითო კვერცხი. კარგად მოვურიოთ, შემდეგ დავუმატოთ შოკოლადი, ნაღები და ისევ მოვურიოთ, შემდეგ კონიაკი, სახამებელი, ვანილი. უნდა მივიღოთ ერთგვაროვანი ჰაეროვანი მასა.
გამოცხვარ შოკოლადის ძირს დავასხათ ფრთხილად კრემჩიზის მასა და შევდოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით საათნახევარი-ორი საათით.
გამომცხვარი ჩიზქეიქი გავაგრილოთ ღუმელშივე და შემდეგ შევდოთ მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
მოვამზადოთ შოკოლადის განაში: კარგად ავურიოთ კაკაო და შაქარი, დავუმატოთ მდუღრე წყალი და ვხარშოთ დაახლოებით 5 წუთი. შემდეგ დავუმატოთ კარაქი და კარგად მოვურიოთ.
განაში რომ შეგრილდება, გასქელდება. მოვასხათ ჩვენ ჩიზქეიქს. ზევიდან მოვრთოთ გახეხილი შოკოლადით.
გემრიელად მიირთვით!