ოლივიეს სალათის ძველებური რეცეპტი
მრავალი წლის განმავლობაში სალთი "ოლივიე" განსაკუთრებული პოპულარობით და სიყვარულით სარგებლობდა, თუმცა საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევის შემდეგ, ამ სალათის მიმართ ბევრ ჩვენთაგანს პროტესტის გრძნობა გაუჩნდა, სწორედ როგორც საბჭოური საახალწო სუფრის სიმბოლოს მიმართ.
სალათი ოლივიეს შექმნის ისტორია და ადაპტირებული რეცეპტი ჩვენ შარშან უკვე შემოგთავაზეთ.
დღეს შევეცდებით ამ სალათის მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულების შეცვლას და საბჭოთა საქართველოში მიღებული ოლივიესგან სრულიად განსხვავებულ, ძალიან გემრიელ რეცეპტს შემოგთავაზებთ, თან საოცრად ლამაზი პრეზენტაციით.
დაგვჭირდება:
6 მწყერი
4 საშუალო კარტოფილი
4 კიტრი
1 პატარა კონა სალათის ფოთლების მიქსი
პატარა კონა მწვანე ხახვი
300-400 მლ შინაური მაიონეზი
30 ცალი კიბორჩხალა
15-20 მწყერის კვერცხი
200გ ხიზილალა
100 გ კაპერსი
მწყერი შევწვათ ან გამოვაცხოთღუმელში, შემდეგ ოდნავ შევაგრილოთ და გავაცალოთ ძვლები.
კარტოფილი მოვხარშოთ და დავჭრათ კუბებად. ასევე, დავჭრათ კიტრი
დავჭრათ სვრილად მწვანე ხახვი.
კიბორჩხალები მოვხარშოთ ერთი 15 წუთი, შემდეგ გავასუფთავოთ.
მოვხარშოთ და შუაზე გავჭრათ მწყერი კვერცხები.
ავაწყოთ სალათი: პატარა ფიალებში ჩავალაგოთ სალთის ფოთლები, შემდეგ ფენებად დავალაგოთ კარტოფილი, მწყერის ხორცი, კიტრი, კიბორჩხალები, მწვანე ხახვი და მოვახათ უხვად შინაური მაიონეზი.
ხიზილალათი შევავსოთ მწყერის კვერცხი და მოვრთოთ სალათი, იქვე მოვაყაროთ კაპერსი.
დამდეგ ახალ წელს გილოცავთ!