ჩიხირთმა
ჰოდა, ჩვენო ძვირფასო გურმანებო, გადატვირთული სადღესასწაულო დღეების შემდეგ განტვირთვის და სასარგებლო წვნიანების დროც მოვიდა. დღეს მოვამზადებთ ჩიხირთმას, რომელსაც ჯადოსნურ გამაჯანსაღებელ თვისებებს მიაწერენ და ეს ნამდვილად არაა ტყუილი.
დაგვჭირდება:
1 კარგი დედალი
1-2 თავი ხახვი
2 კვერცხი
2 ს.კ. ფქვილი
1-2 ს.კ. ძმარი
პატარა კონა ქინძი
20 გ კარაქი
მარილი
ქათამი კარგად გავასუფთავოთ და მოვხარშოთ. შემდეგ ამოვიღოთ ბულიონიდან, მოვაყაროთ მსხვილი ზღვის მარილი და დროებით გადავდოთ, ბულიონი კი გადავწუროთ თხელ საცერში.
სქელძირიან ქვაბში ქათმის ცხიმში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, შემდეგ დავუმატოთ ბულიონი და ავადუღოთ. კვერცხის გული, ფქვილი და ძმარი კარგად ავთქვიფოთ, დავასხათ ერთი ჩამჩა მდუღარე ბულიონი და კარგად მოვურიოთ, რომ არ აიჭრას. ნელ-ნელა ჩავუმატოთ ეს მასა მდუღარე ბულიონს და თან სულ ვურიოთ. ერთი-ორი წუთი ვადუღოთ, შემდეგ კი დავუმატოთ მარილი, წვრილად დაჭრილი ქინძი, მოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა.
ქათამი დავჭრათ პორციულ ნაჭრებად, მოვაშოროთ ძვლები და ჩავალაგოთ ჩიხირთმაში.
გემრიელად მიირთვით!