ხბოს ხორცის ბლანკეტი
როგორც უკვე ვთქვით, ბლანკეტი რაგუს ნაირსახეობაა. მას ტრადიციულად ზამთარში თეთრი ხორცით ამზადებენ. ხორცს თეთრ სოუსში თუშავენ და სახელწოდებაც აქედან მოდის- ფრანგულად ბლან (blanc ) თეთრია. ბლანკეტს ყველაზე ხშირად ხბოს, ინდაურის, კურდღლის ან დიდიზომის თეთრი თევზის ფილესგან ამზადებენ.
ჩვენ დღეს ხბოს ხორცის ბლანკეთს მოვამზადებთ. კერძი ოდნავ უფრო მეტ დროს და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ საოცრად გემრიელია და თუ შაბათ-კვირას სტუმრებს ელოდებით ან ოჯახური ვახშამისთვის ემზადებით, იდეალური არჩევანი იქნება.
დაგვჭირდება:
800 გ ხბოს ხორცი
200-300 გ შამპინიონი
1 მოზრდილი თავი თეთრი ხახვი
7-8 მარგალიტა ხახვი
1-2 სტაფილო
1-2 საშუალო ღერი პრასი
1 ნიახურის ძირი
2-3 კბილი ნიორი
2 ს.კ. ლიმონის წვენი
2 ს.კ. ფქვილი
40 გ კარაქი
5-7 მიხაკის ბუტონი
1-2 ღერი ბეგქონდარა
1-2 ღერი ბაზილიკი
1-2 ღერი როზმარინი
1-2დაფნის ფოთოლი
1 ჩ.კ. შაქარი
150-200 მლ ნაღები
1 კვერცხის გული
მარილი
შავი წიწაკა
ხორცი დავჭრათ მომცრო ზომის ნაჭრებად და მოვბრაწოთ კარაქში. შემდეგ დავასხათ ცოტაოდენი წყალი და რომ ადუღდება დავუმატოთ პრასი, სტაფილო, ნიორი, დაფნის ფოთოლი. ხახვში ჩავარჭოთ მიხაკის ბუტონები და ისიც დავამატოთ ხორცთან. მწვანილი შავკრათ და ისიც დავამატოთ ხორცთან. ხორცს დავასხათ წყალი ისე, რომ ფარავდეს ხორცს და მოვთუშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 1,5 საათი. ამის შემდეგ, ბულიონიდან ამოვიოთ ხახვი, პრასი, დაფნა და მწვანილი.
ცალკე კარაქში მოვთუშოთ მთელ-მთელი მარგალიტა ხახვები. დავამატოთ მწიკვი მარილი და შაქარი (უნდა მოვახდინოთ მათი კარამელიზაცია). ხახვები რომ გაოქროსფერდება, დავამატოთ ცოტაოდენი წყალი და ვთუშოთ ერთი 10 წუთი.
მთელ-მთელი შამპინიონი (შევარჩიოთ მომცრო ზომის) ასევე მოვბრაწოთ კარაქში. დავუმატოტ ლიმონის წვენი.პატარა ტაფაზე გავადნოთ კარაქი და დავუმატოთ ფქვილი, კარგად ვურიოთ და ვთუშთ, სანამ არ გავარდისფრდება. ამის შემდეგ, დავუმატოთ ჩვენი მომზადებული ბულიონი, თან სულ ვურიოთ. რომ წამოდუღდება, დავუმატოთ ნაღები, კარგად მოვურიოთ და ესეც მივიყვანოთ ადუღებამდე.
ამის შემდეგ დავუმატოთ ჩვენ ხორცს კარამელიზებული ხახვი, შამპინიონი და ნაღების სოუსი. ავადუღოთ, დავუმატოთ მარილი და წიწაკა. მირთმევის წინ დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის გული და კარგად მოვურიოთ.
გემრიელად მიირთვით!