რავიოლი ყველით რიკოტა და ჩერი-პომიდორით
დაგვჭირდება:
1 პორცია რავიოლის ცომი
5 ს.კ. რიკოტა
5 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
100 გ ლორი
მარილი
წიწაკა
1კვერცხი
სოუსისთვის:
200 გ პომიდორი ჩერი
პატარა კონა ბაზილიკი (ან დანის წვერზე ხმელი)
50 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
მოვამზადოთ რავიოლის ცომი ჩვეულებრივი წესით. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავასვენოთ ერთი 20 წუთი.
ამასობაში, ლორი ძალიან წვრილად დავჭრათ და შევურიოთ რიკოტას და პარმეზანის. დავუმატოთ მარილი და წიწაკა.
გავაბრტყელოთ ცომი დაახლოებით 2მმ სისქემდე, დავჭრათ 5 სმ სიგანის ლენტებად და დავდოთ ჩაის კოვზით შიგთავსი, ერთმანეთისგან დაახლოებით 3 სმ მანძილზე. ამის შემდეგ, ფრთხილად ფუნჯით წავუსვათ ათქვეფილი კვერცხი ცომს შიგთავსის შორის და დავაფაროთ ზევიდან მეორე ცომის ლენტი. ხელით მივაჭიროთ ცომს შიგთავსის შორის და შემდეგ დავჭრათ პატარა კვადრატებად.
ავადუთოთ წყალი, დავუმატოთ მარილი და მოვხარშოთ რავიოლი. ერთი 3-4 წუთი დასჭირდება, რომ ამოტივტივდება, მზადაა.
სოუსისთვის პომიდორი ჩერი გავჭრათ შუაზე, გავალღვოთ კარაქი ტაფაზე, დავყაროთ პომიდორი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა, ერთი 5 წუთი ვთუშოთ, შემდეგ დავუმატოტ ბაზილიკი, ჩავყაროთ მოხარშული რავიოლი სოუსთან ტაფაში და ერთხელ კარგად ამოვურიოთ.
ჩვენი რავიოლი მზადაა.
გემრიელად მიირთვით!