ავსტრიული სააღდგომო ღვეზელი-რაინდლინგი
ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ სადღესასწაულოდ ჩვენ ვცდილობთ ხოლმე ცოტ-ცოტა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებზე ვისაუბროთ და ამ ქვეყნების საუკეთესო კულინარიული რეცეპტები შემოგთავაზოთ. დღესაც სწორედ ერთი ასეთი სააღდგომო რეცეპტი მოგიმზადეთ. ამჯერად, ავსტრიელების საყვარელ სააღდგომო ღვეზელს, რაინდლინგს მოვამზადებთ.
ავსტრიელებმა მსფლიოს არაერთი კულინარიული შედევრი აჩუქეს. განსაკუთრებით კი მათი ღვეზელები და ნამცხვრები გამოირჩევა. ალბათ ძალიან მიკერძოებული არ ვიქნები, თუ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გემრიელ დესერტად ცნობილ ავსტრიულ ალუბლის და შოკოლადის ტორტს, შცარცვალდს დავასახელებ.
ჩვენი დღევანდელი ღვეზელიც უგემრიელესია და სამშობლოში ჩვენი პასკასავით პოპულარულია. რაინდლინგს ნიგვზის, ფინიკების, ქიშმიშის და დარიჩინის შიგთავსი აქვს და ის კონიაკის არომატებითაა გაჟღენთილი. დარწმუნებული ვარ, ნერწყვი მოგადგათ, ჰოდა ბევრი აღარ გავაგრძელოთ და საქმეს შევუდგეთ!
დაგვჭირდება:
500 -600 გ ფქვილი
1 ს.კ. საფუარი
150 გ კარაქი
7 ს.კ. შაქარი (უმჯობესია, ყავისფერი)
1 კვერცხი
250 მლ რძე
მწიკვი მარილი
0, 5 ჩ.კ. დაფქული ანისულის ვარსკვლავი
შიგთავსისთვის:
150 გ უკურკო ფინიკი
200-250 გ ნიგოზი
150 გ ქიშმიში
150 გ კარაქი
1 ს.კ. დარიჩინი
250 შაქარი
2-3 ს.კ. კონიაკი
ქიშმიშს და დაქუცმაცებულ ფინიკებს დავასხათ კონიაკი და გავაჩეროთ რამდენიმე საათი.
ამასობაში, მოვამზადოთ ცომი: საფუარი შაქართან ერთად გავხსნათ თბილ რძეში, დავუმატოთ კარაქი, გათქვეფილი კვერცხი, მარილი, ანისული და ფქვილი. მოვზილოთ ცომი და 2 საათით სითბოში დავტოვოთ ამოსაფუებლად.
ამის შემდეგ, კიდე ჩავზილოთ ცომი და ისევ დავტოვოთ ერთი-ორი საათით, კიდე რომ ამოფუვდეს.
შემდეგ გავაბრტყელოთ დაახლოებით 1 სმ სისქემდე, გადავუსვათ დამდნარი კარაქი, მოვაყაროთ დარიჩინი, მსქვილად დანაწევრებული ნიგოზი, კონიაკით გაჟღენთილი ქიშმიში და ფინიკები. კარგად გადავახვიოთ რულეტივით და ჩავდოთ მრგვალ კექსის საცხობ ფორმაში, რომელსაც შუაგული ამოღებული აქვს (გამოვიყენეთ დიდი მოცულობის საცხობი ფორმა).
გამოვაცხოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 40 წუთი.
გამზადებულ რაინდლინგს შეგვიძლია მოვასხათ თეთრი ან შოკოლადის მინანქარი, ან უბრალოდ მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!