სიცილიური საადგომო ღვეზელი Cassata Siciliana
ნელ-ნელა გვიახლოვდება აღდგომა და ჩვენც, როგორც ყოველთვის, ყველაზე საინტერესო სააღდგომო რეცეპტებს გთავაზობთ. ასევე, სხვადასხვა ქვეყნებში ვმოგზაურობთ, საუკეთესო სააღდგომო კულინარიულ რეცეპტებს ვსინჯავთ და ვამზადებთ.
კულინარიულ მოგზაურობას ჩვენი საყვარელი იტალიიდან დავიწყებთ.
იტალიელები რომ შეუდარებელი კულინარები არიან, ყველამ იცის და იტალიური დესერტები რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ესეც ფაქტია. ჰოდა სააღდგომო იტალიური კასატაც სწორედ ასეთი დესერტია. მისი სამშობლო -სიცილიაა. ამ ღვეზელს სააღდგომოთ სიცილიელი მონაზნები აცხობდენ, დღეს კი მას სააღდგომოთ პრაქტიკულად ყველა ოჯახში ნახავთ.
ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:
4 კვერცხი
130 გ შაქარი
100 გ ფქვილი
1 ლიმონის ცედრა
დასანამად:
100 მლ წყალი
30 გ შაქარი
50 მლ ღვინო მარსალა ან რომელიმე ლიქიორი, თქვენი გემოვნებით
შიგთავსისთვის:
500 გ რიკოტა
100 გ შაქრის პუდრა
100 მლ ნაღები (33%)
100 გ ფორთოხლის ცუკატები
50 გ ალუბლის ჩირი
50 გ შავი შოკოლადი
ნახევარი ლიმონის ცედრა და წვენი
ზევიდან:
100 გ მარციპანი
ნახევარი ლიმონის წვენი, შაქრის პუდრა
მოვამზადოთ ბისკვიტი: კვერცხის ცილა ავთქვიფოთ აგრად, დავუმატოთ ნელ-ნელა შაქარი, შემდეგ თითო-თითო კვერცხის გული, ლიმონის ცედრა. ბოლოს ფრილად შევურიოთ ფქვილი. გამოვაცხოთ 160 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი. გავაგრილოთ და გავჭრათ ორ თანაბარ ნაწილად.
შიგთავსისთვის: რიკოტას დავუმატოთ შაქარი და კარგად ავთქვიფოთ. შემდეგ დავუმატოთ ცუკატები, ჩირი და შოკოლადი, ლიმონის ცედრა და წვენი და მოვურიოთ. ცალკე ავთქვიფოთ ნაღები და შევურიოთ კრემს.
მოვხარშოთ სიროპი დასანამად, შევურიოთ მარსალა და შეცაგრილოთ.
ორივე ბისკვიტი კარგად დავნამოთ, შემდეგ ერთს გადავუსვათ კრემი და დავაფაროთ მეორე.
მარციპანი თხლად გავაბრტყელოთ და გადავაფაროთ ჩვენ ბისკვიტს. შევდოთ დესერტი მაცივარში მინიმუმ 4 საათით.
შაქრის პუდრა და ლიმონის წვენი შევურიოთ ერთმანეთს ისე, რომ საკმაოდ სქელი მასა მივიღოთ და დავფაროთ ამ მინანქრით ჩვენი გაციებული დესერტი.
კარგი იტალიური ესპრესოს მოხარშვა არ დაგავიწყდეთ- საოცრად უხდება კასატას!
ქრისტე აღდგა!