top of page

კოლიო, კორკოტი ან წანდილი


მოვიდა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული- სიკეთის, დიდსულოვნების და სიცოცხლის ზეიმი. აღდგომის დღესასწაულს ჩვენ მთელი კვირის, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში ავღნიშნავთ და, რა თქმა უნდა, არც ჩვენ გარდაცვლილ ახლობლებს, მეგობრებს და ნათესავებს ვივიწყებთ.

სწრედ ამიტომ, დღეს გადავწყვიტეთ გაგვეზიარებინა კოლიოს, იგივე წანდილის ან კორკოტის რეცეპტი, რომელსაც ყოველთვის ამზადებენ საკურთხზე.

ამ ტრადიციას საინტერესო ისტორია აქვს: კონსტანტინეპოლის მეფემ, იულიანემ უარყო ქრისტე და კერპთაყვანისმცემლობას შეუდგა. მან იცოდა, რომ დიდმარხვის პირველ კვირას მორწმუნენი მარხვას განსაკუთრებით წმინდად ინახავდნენ და ამიტომ უბრძანა ქალაქის თავს, მთელი კვირის მანძილზე ყოველდღე შეებღალა ბაზარში გასაყიდი სანოვაგე სამსხვერპლო ცხოველთა სისხლით. მეფის ბრძანება შესრულდა. კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოს ევდოქსის გამოეცხადა წმინდა თეოდორე ტირონი, რომელიც მრავალი წლის წინათ ეწამა ქრისტესთვის და ამცნო, რომ საზრდელი ნაკერპალის სისხლით იყო შებილწული. მისი რჩევით ქრისტიანები მთელი კვირის განმავლობაში კოლიოს - თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალს ამზადებდენ და მიირთმევდენ.

დაგვჭირდება:

1 კგ ხორბალი

800 გ ნიგოზი (300 გ გატარებული, დანარჩენი დაჭრილი)

600 გ თეთრი ქიშმიში

2 ს.კ. შაქარი

0,5 ჩ.კ. მარილი

დანის წვერზე ვანილი

1 ჭიქა თაფლი (ზუსტი რაოდენობა დაარეგულირეთ თქვენი გემოვნებით)

ხორბალი კარგად გავრცეხოთ და ჩავალბოთ რამდენიმე საათით. შემდეგ გავავლოთ ცივი წყალი და დავდგათ საშუალო ცეცხლზე. რომ წამოდუღდება, პირველი წყალი გადავწუროთ, დავასხათ ისევ ცივი წყალი და დავდგათ მოსახარშათ.

მოხარშული ხორბალი გადავწუროთ, მაგრამ სრულად არ დავაშროთ. ასევე, გადავინახოთ ერთი 300 მლ ნახარში წყალი, რადგან გაციებული ხორბალი წყალს შეიშრობს და გასქელდება. დავუმატოთ მარილი და შაქარი, კარგად მოვურიოთ, შემდეგ გამოვრთოთ ქურა და შევფუთოთ. ასე გავაჩეროთ რამდენიმე საათი ან სულაც მთელი ღამე.

მეორე დილას შევამოწმოთ წანდილი. გაგრილებული წანდილი ძალიან თუ გასქელდა, დავუმატოთ გადანახული წყალი. შემდგ დავუმატოთ თაფლი, ქიშმიში, გატარებული ნიგოზი, ვანილი. დაჭრილი ნიგოზი ოდნავ მოვხალოთ და ისიც დავუმატოთ წანდილს. კარგად მოვურიოთ და ჩვენი წანდილიც მზადაა.

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page