საქონლის ხორცი ფრანგულად
ახალი კარტოფილის არც თუ ისე ხანგრძლივი სეზონი სანამ გვაქვს, ამ გემრიელი ხორცის კერძის მომზადებაც მოვასწროთ.
დაგვჭირდება:
1 კგ საქონლის ხორცი
500 მლ თეთრი მშრალი ღვინო
500 გ ახალი კარტოფილი
1 თავი ხახვი
4 კბილი ნიორი
2-3 საშუალო პომიდორი
2-3 ღერი ბეგქონდარა
1 მსხვილი ღერი პრასი
1-2 ნიახურის ძირი
2 დაფნის ფოთოლი
მარილი
შავი წიწაკა
1-2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
50 გ კარაქი
ხორცი დავჭრათ საშუალოდ და მოვბრაწოთ ზეთში და კარაქში. შემდეგ გადავდოთ და იგივე ტაფაზე მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. ერთ 5 წუთში დავუმატოთ რგოლებად დაჭრილი პრასი, ნიახური და ოთხად გაჭრილი პომიდორი.
ერთი ამოვურიოთ და დავამატოთ ხორცი და ღვინო. დავუწიოთ ცეცხლს მინიმუმამდე და ვთუშოთ დაბალ ცეცხლზე საათნახევარი. ამის შემდეგ, დავუმატოთ კარტოფილი, დაფნის ფოთოლი, ბეგქონდარა, მარილი და წიწაკა. ვთუშოთ ყველაფერი ერთად კიდე ერთი ნახევარი საათი.
გემრიელად მიირთვით!