ცხვრის ხორცის ტაჯინი
ტაჯინი ჩვენ არაერთხელ მოვამზადეთ და სულ ნაირ-ნაირ ხორცს და სანელებლებს ვიყენებთ. გაზაფხული ნორჩი მწვანილების და ცხვრის ხორცის სეზონია. ამიტომ დღევანდელი სადილისთვის ჩვენც ეს გემრიელი და ნოყოერი ცხვრის ხორცის ტაჯინი შევარჩიეთ. ცოტა მეტ დროს მოითხოვს, სამაგიეროდ კერძი მეორე დღესაც ძალიან გემრიელია, ასე რომ პრაქტიკულად ორი დღის სადილს ვამზადებთ.
დაგვჭირდება:
2 კგ ცხვრის ხორცი
6 თავი ხახვი
1 სტაფილო
100 გ ზეთისხილი
6-8 ნაჭერი მარილიანი ლიმონი
3-4 ღერი ქინძი
3-4 ღერი ოხრახუში
ნახევარი ლიმონის წვენი
1 ჩ.კ. ჯანჯაფილი
1 ჩ.კ. პაპრიკა
0,5 ჩ.კ. ძირა
0,5 ჩ.კ. ზაფრანა
0,5 ჩ.კ. კურკუმა
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
ტაჯინის ფსკერს მოვასხათ ზეთი, გავახუროთ და დავუმატოთ სანელებლები, ერთი თავი გახეხილი ან ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი, მოვურიოთ და დავუმატოთ დაჭრილი ხორცი. მოვბრაწოთ ხორცი, შემდეგ კი დავუმატოთ ჭიქანახევარი -ორი ჭიქა წყალი დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ 2 საათი.
ამის შემდეგ, როცა ხორცი დარბილდება და ძვალს იოლად მოსცილდება, დავუმატოთ დარჩენილი წვრილად დაჭრილი ხახვი, მწვანილი, რგოლებად დაჭრილი სტაფილო, დავაფაროთ თავსახური და ვთუშთ ყველაფერი ერთად კიდე ერთი 30-40 წუთი.
ბოლოს დავამატოთ ზეთისხილი, მარილიანი ლიმონი, ლიმონის წვენი, დავაფაროთ თავსახური და კიდე ერთი 10 წუთი ვთუშოთ ყველაფერი ერთად. ქურას რომ გამოვრთავთ, დავასვენოთ ტაჯინი ერთი 5-10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!