გამომცხვარი ახალი კარტოფილი და ქათამი თეთრი ღვინით
ახალი კარტოფილი შემოსულა. მართალია, ჯერჯერობით ალუჩის ფასი ადევს, მაგრამ ყოველდღე იაფდება და სააღდგომოდ მისი ყიდვა ჩვეულებრივი მოკვდავებისთვისაც შესაძლებელი იქნება.
ჩვენ ძალიან გვიყვარს ახალი კარტოფილი და სპეციალურად ამ სეზონისთვის რამდენიმე მარტივი და გემრიელი რეცეპტი შემოვინახეთ.
დაგვჭირდება:
1 საშუალო ზომის ქათამი
1 კგ ახალი კარტოფილი
3-4 კბილი ნიორი
2-3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
150 მლ თეთრი მშრალი ღვინო
მარილი
წიწაკების მიქსი
1 ლიმონი
ქათამი კარგად გავრეცხოთ, დავანაწევროთ, წავუსვათ მარილი, წიწაკები და პროვანსული სუნელების ნაკრები, გადავაკრათ პლასტიკი და ერთი-ორი საათით მაცივარში შევდოთ.
კარტოფილი კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი, წიწაკები, მოვასხათ ზეითუნის ზეთი და დავყაროთ საცხობ ტაფაზე. იქვე დავალაგოთ ქათამი, მთელ-მთელი ნივრის ლებნები, დაჭრილი ლიმონი და შევდოთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელშ დაახლოებით 40-45 წუთით.
კარტოფილი რომ გაოქროსფერდება და დარბილდება და ქათამი შეიბრაწება, მოვასხათ ღვინო და შევდოთ კიდე ერთი 15-20 წუთით ღუმელში.
გემრიელად მიირთვით!