ღუმელში გამომცხვარი ინდაური როზმარინით, ბეგქონდარათი და ზეთისხილით
ჩვწენი დღევანდელი ვახშამისთის გამოდგება ინდაურიც, კურდღელიც და მოზრდილი ქათამიც. ჩვენ არჩევანი ინდაურის ხორცზე შევაჩერეთ, რადგან ინდაურთან საკმაოდ პროზაული დამოკიდებულება გვაქვს. ფუმფულა, საყვარელ კურდღელს კი შესასანსლად ვერასდროს ვიმეტებთ. თუ თქვენ კურდღლის ხორცს მიირთმევთ, შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ. ინდაურის და კურდღლის ხორცი არ შეიცავს ქოლესტერინს, დიეტურია და ძალიან სასარგებლო.
დაგვჭირდება:
1 საშალო ინდაური
2 საშუალო თავი ხახვი
1 თავი ნიორი
200 გ პომიდორი ჩერი
1 ქილა ზეთისხილი
4-5 ღერი ბეგქონდარა
2 ღერი როზმარინი
250 მლ თეთრი მშრალი ღვინო
1 ჩ.კ. ყავისფერი შაქარი
100 მლ ზეითუნის ზეთი
1 ს. კ. ძმარი
მარილი
შავი წიწაკა
ძმარი გავხსნათ ცივ წყალში და ჩავდოთ ამ მარინადში ინდაური ერთი 3-4 საათით.
ამის შემდეგ გავამშრალოთ, დავჭრათ პორციულ ნაჭრებად და კარაგად წავუსვათ მარილი და წიწაკა.
შევბრაწოთ ინდაური მაღალბორტიან ტაფაზე ზეითუნის ზეთში ყველა მხრიდან. არ გამოვაშროთ, მხოლოდ უნდა დაბვრაწოთ.
ხახვი დავჭრათ რგოლებად, ნიორი დავჭყლიტოთ, ჩავყაროთ ინდაურთან ტაფაში და ვთუშოთ ერთი წუთი. შემდეგ დავუმატოთ პომიდორი ჩერი და ზეთისხილი. კიდე ერთ წუთში დავუმატოთ როზმარინი და ბეგქონდარა, შაქარი, ღვინო. რომ წამოდუღდება, გადავაფაროთ ტაფას ფოლგა და შევდოთ 25-30 წუთით 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში.
ამის შემდგე, გამოვიღოთ ინდაური ღუმელიდან, დავასვენოთ ერთი 10 წუთი და მოვხსნათ ფოლგა.
გემრიელად მიირთვით!