ქათმის სალათი რუკოლათი და ალუბლით
- Manana
- 5 июн. 2017 г.
- 1 мин. чтения

საოცრად არომატული, ჯანსაღი, მარტივი და გემრიელი სალათი გვაქვს დღეს ვახშამზე.
დაგვჭირდება:
4 ცალი ქათმის ფილე
200 გ ნორჩი რუკოლა
1 პატარა თავი ხახვი
200 გ კურკაგამოცლილი ალუბალი
მარილი
წიწაკების მიქსი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
20 გ კარაქი
1 ს.კ. წითელი ღვინის ძმარი
ქათმის ფილე კარგად გავრეცხოთ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკები, გავაჩეროთ ასე ერთი 15-20 წუთი, შემდეგ კი მოვბრაწოთ ტაფაზე, 1 სუფრის კოვზ ზეთსა და კარაქში ყველა მხრიდან, გადავდოთ საცხობ ფორმაზე, შევდოთ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 20 წუთით და აქ დავასრულოთ მისი მომზადება.
გამომცხვარი ფილე გამოვიღოთ ღუმელიდან და დავასვენოთ ერთი 10 წუთი.
ამასობაში კი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ რუკოლა.
დარჩენილი ზეითუნის ზეთი და ძმარი ავურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ხახვი და კურკაგამოცლილი ალუბალი.
ქათმის ფილეს მოვაყაროთ რუკოლა და ზევიდან გავანაწილოთ დრესინგი ალუბალთან და ხახვთან ერთად. შემდეგ მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და წიწაკები.
გემრიელად მიირთვით!