კარამელიზებული ნიოკი ბოსტნეულით
სატაცურის სეზონი გაგვიგრძელდა და ჩვენ ბაზარზე ის კვლავ იშოვება, ვისარგებლებთ და კიდე ერთი შესანიშნავ, გემრიელ და მარტივ ვეგეტარიანულ რეცეპტს შემოგთავაზებთ იტალიური სამზარეულოდან.
ნიოკის მოსამზადებლად დაგვჭირდება:
500 გ კარტოფილი
1 კვერცხი
150 გ ფქვილი
1 ჩ.კ. მარილი
ცალკე:
ერთი კონა სატაცური (ერთი 10-12 ცალი)
200-250 გ გაყინული ბარდა და სტაფილო
1 ცუკინი
რამდეიმე ღერი კამა
2 ს.კ. გახეხილი პარმეზანი
3 კბილი ნიორი
მარილი
შავი წიწაკა
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1 ლიმონის წვენი
20 გ კარაქი
კარტოფილი მოვხარშოთ თავის კანიანა, გავფცქვნათ და თბილი გავატაროთ ან დავტკეპნოთ. დავუმატოთ კვერცხი, მარილი, ნელ-ნელა ფქვილი და მოვზოლოთ ცომი. ცომი გავაბრტყელოთ თითის სისქე ლენტებად და დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
ავადუღოთ წყალი, დავამატოთ ოდნავ მარილი და მოვხარშოთ ნიოკი პორციებად. ვხარშავთ დაახლოებით 10 წამი, როგორც კი ამოტივტივდება ზედაპირზე-მზადაა.
სატაცური მოვწალოთ მარილწყალში. ასევე, ზუსტად 1 წუთი მოვწალოთ სტაფილო და ბარდა.
შემდეგ ტაფაზე გავახუროთ ზეთი, დავუმატოთ კარაქი და გადავიტანოთ ამ ტაფაზე ჩვენი ნიოკი. ცოტა რომ დაიბრაწება ყველა მხრიდან, დავუმატოთ წვრილად დაჭრილი ნიორი, თხლად დაჭრილი ცუკინი, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა და კარგად მოვურიოთ. ერთ-ორ წუთში დავამატოთ ორ-სამ ნაწილად გაჭრილი სატაცური, ბარდა და სტაფილო და კიდე კარგად მოვურიოთ. შემდეგ დავამატოთ ლიმონის წვენი, წვრილად დაჭრილი კამა და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!