ბადრიჯანი ნიგვზით და დარიჩინით
დღეს ვამზადებთ კიდე ერთ უგემრიელეს ქართულ აპეტაიზერს აზიური ხასიათით- ნიგვზიან ბადრიჯანს დარიჩინით და ბროწეულით. წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სუფრას დაამშვენებს ეს ჩვენი კერძი.
დაგვჭირდება:
1 კგ ბადრიჯანი
300 გ ნიგოზი
1 თავი ხახვი
3-4 კვილი ნიორი
1,5 ჩ.კ. ხმელი ქინძი
1.5 ჩ.კ. ხმელი სუნელი
1 ჩ.კ. ზაფრანა
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
1 ბროწეული
მარილი
წითელი წიწაკა
ზეთი
ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრათ სიბრტყეზე, მოვაყაროთ მარილი და დავტოვოთ ასე ერთი 20 წუთი. შემდეგ გავწუროთ და შევწვათ ტაფაზე ,ზეთში ორივე მხრიდან.
დავალაგოთ შემწვარი ბადრიჯანი ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ცხიმი რომ მოშორდეს.
ნიგოზი, ნიორი და სუნელები დავაბლებდეროთ, დავუმატოთ თხლად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის წვენი, მარილი და ცოტა წიწაკა. კარგად მოვურიოთ.
გადავუსვათ თითოეულ ბადრიჯანს ნიგვზის შიგთავსი და გადავახვიოთ რულეტივით. ზევიდან მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.
გემრიელად მიირთვით!