ნივრით და მწვანილებით შეზავებული ზითუნის ზეთი
კარგი ზეითუნის ზეთი- საუკეთესო დრესინგია სალათებისთვის. ხოლო თუ ამ ზეთს ნივრით და მწვანილებით გავამდიდრებთ, საოცარ სოუსს მივიღებთ.
ასეთი ზეთის მომზადება ძალიან მარტივია.
დღეს ჩვენ ჩემ ფავორიტ ვარიანტს მოვამზადებთ-ნივრით, როზმარინით და ბეგქონდარათი. თქვენ კი შეგიძლიათ მწვანილების კომბინაცია თქვენი გემოვნებით შეცვალოთ და გაამრავალფეროვნოთ. ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების, სამზარეულო საუკეთესო ადგილია იმპროვიზაციებისთვის!
დაგვჭირდება:
200 მლ უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი
1-2 კბილი ნიორი
1 პატარა წიწაკა ჩილი
1 ღერი როზმარინი
2 ღერი ბეგქონდარა
მწვანილი კარგად გავრეცხოთ და გავაშროთ, თუ ნივრის ლებნები მსხვილია, გავჭრათ შუაზე.
ზეითუნის ზეთი შევათბოთ ქურაზე, მაგრამ არავითარ შემთხვევაშ არ ვადუღოთ.
ხუფიან ბოთლში ჩავყაროთ ნიორი, წიწაკა, მწვანილები და მოვასხათ ზეითუნის ზეთი. ავავსოთ ბოთლი პირამდე, კარგად მოვხუფოთ და შევინახოთ მშრალ, გრილ, ბნელ ადგილში.
ერთ 4-5 დღეში ჩვენი ზეთი შთანთქავს ნივრის და მწვანილების არომატებს და უკვე მისი გამოყენებაც შესაძლებელია.
გნებავთ სალათებს მოასხით, გნებავთ პიცას, გნებავთ გახუხული პური ჩააწეთ და მიირთვით- ყველაფერს უხდება.
გემრიელად მიირთვით!