top of page

პავლოვა ღვინოში კარამელიზებული მსხლით და ნუშით


პავლოვა - შეუდარებელი დესერტი, მით უმეტეს, როცა მას არაჩვეულებრივი, არომატული მსხალი და მასკარპონეს კრემი ამშვენებს.

ბეზესთვის დაგვჭირდება:

6 კვერცხის ცილა

250 გრ შაქრის პუდრა

1 ჩ.კ. სახამებელი

1 ჩ.კ. ლიმნის წვენი

ვანილი

კრემისთვის დაგვჭირდება:

500 გ მასკარპონე

250 მლ მაღალცხიმიანი ნაღები

150 გ შაქრის პუდრა

ვანილი

2 ს.კ. რომი (კონიაკი, ამარეტო ან სხვა ლიქიორი თქვენი გემოვნებით)

7-8 მაგარი ჯიშის საღი მსხალი

500-600 მლ თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო (ტვიში ან სოვინიონ ბლანი იდეალური იქნება)

1 ლიმონი

2 ჩხირი დარიჩინი

3-4 მარცვალი მიხაკი

3-4 მარცვალი კარდამონი

3 ს.კ. თაფლი

2-3 ს.კ. ნუშის ფოთლები

მსხალი გავთალოთ ისე, რომ ყუნწები დავუტოვოთ და ჩავალაგოთ სქელძირიან ქვაბში. მოვასხათ ღვინო, დავუმატოთ დარიჩინი, მიხაკი, კარდამონი. ლიმონი გავჭრათ ექვს ნაწილად და ისიც დავუმატოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ მსხალი ღვინოში, სანამ ცოტა არ შერბილდება, მაგრამ აუ უნდა ჩაგვეხარშოს.

ამის შემდეგ, ამოვიღოთ მსხალი ღვინიდან, ამოვაცალოთ თესლი ქვევიდან ისე, რომ არ დავაზიანოთ მსხალი. ღვინის მასას დავუმატოთ თაფლი, კარგად მოვურიოთ, ისევ ჩავალაგოთ შიგნით მსხალი და ცოტა მოვთუშოთ. შემდეგ გადმოვდგათ და დავტოვოთ ამ მასაში ერთი 3-4 საათით.

ამასობაშ მოვამზადოთ ბეზე: კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მაგრად ლიმონის წვენთან ერთად, დავუმატოთ ნელ-ნელა შაქარი.

ცალკე კარგად ავურიოთ ერთმანეთს ვანილი და სახამებელი და დავუმატოთ ცილას. ვთქვიფოთ მანამ, სანამ არ მივიღებთ მკვრივ ბეზეს მასას.

საცხობ ფორმას დავაფინოთ საცხობი ქაღალდი, მოვხაზოთ სასურველი ზომის წრე (დაახლოებით 28-30 სმ.) და საკონდიტრო შპრიცით დავსვათ ამ წრეზე ბეზეს მასა ისე, რომ გვერდები უფრო მაღლაამოვიყვანოთ, ხოლო შუაგული დავტოვოთ ჩაღრმავებული. აქ შემდგომში წავუსვამთ კრემს.

გამოვაცხოთ დაახლოებით 2,5 საათი 100 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში. დავტოვოთ ღუმელში გაციებამდე.

მოვამზადოთ კრემი: მასკარპონეს დავუმატოთ შაქრის პუდრა, ვანილი და რომი. კარგად ავთქვიფოთ გაციებული ნაღები და შევურიოთ მასკარპონეს მასას. შევდოთ კრემი მაცივარში.

გაგრილებული ბეზეს ფენა დავფაროთ კრემით და ზევიდან დავალაგოთ მსხალი.

ღვინის მასა კიდე ვადუღოთ, ისე რომ კარგად გასქელდეს. გავაგრილოთ ეს მასა და მოვასხათ ჩვენ პავლოვას, ზევიდან კი მოვაყაროთ ოდნავ მოხალული ნუშის ფოთლები.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page