ჟულიენი ქათმით და შამპინიონით
ჟულიენს ფრანგები ბოსტნეულის განსაკუთრებულად წვრილად დაჭრის სტილს უწოდებენ. ასევე, ჟულიენი ეწოდება კერძს, სადაც ჟულიენად დაჭრილი სოკო და ქათამი ნაზ ნაღების სოუსში და ყველიის ქუდში ცხვება.
ეს კერძი პრაქტიკულად ყველას უყვარს, მისი მომზადება კი ძალიან მარტივია.
დაგვჭირდება:
1 კგ შამპინიონი
0,5 კგ ქათმის ფილე
2 მოზრდილი თავი ხახვი
100 გ გაუდა
100 გ მოცარელა (ან კარგი სულგუნი)
50 გ პარმეზანი
200 გ არაჟანი
250 გ ნაღები
1 ს.კ. ფქვილი
4-5 ს.კ. ზეთი
1-2 ს.კ. კარაქი
წიწაკების მიქსი
შავი წიწაკა
მარილი
შამპინიონი დავჭრათ ჟულიენებად, დავყაროთ სქელძირიან ტაფაზე და მოვბრაწოთ ცოტაოდენ ზეთში.
გამზადებული სოკო გადავდოთ ცალკე, ტაფაზე კი ზეთში მოვბრაწოთ წვრილად დაჭრილი ხახვი.
ქათმის ფილე ასევე წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და წიწაკების მიქსი და დავტოვოთ ასე ცოტა ხნით, სანამ სოკო და ხახვი იბრაწება.
მოთუშული ხახვიც დავუმატოთ სოკოს.
ქათამი ამოვავლოთ ფქვილში და ასევე მოვბრაწოთ ტაფაზე ზეთსა და კარაქში.
ამის შემდეგ გადავიტანოთ ყველაფერი ერთად, ტაფაზე, დავუმატოთ შავი წიწაკა, თუ საჭიროა, მარილი და მოვთუშოთ ერთი-ორი წუთი ერთად. ბოლოს დავუმატოთ არაჟანი, ნაღები, კარგად მოვურიოთ და გავანაწილოთ ცეცხლგამძლე პორციულ ფორმებში ან მთელი მასა ერთ დიდ ფორმაში გადავიტანოთ. ზევიდან მოვაყაროთ გახეხული მოცარელა და გაუდა, ბოლოს კი პარმეზანი (ყველის ეს კომბინაცია მე ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ის თქვენი გემოვნებით).
შევდოთ ჩვენი ჟულიენი 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ერთი 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!