გერმანული ფუნთუშა- ბერლინერი
ბერლინური ფუნთუშა (Berliner Pfannkuchen)- ბერლინერი, როგორც მას მთელი მსოფლიო იცნობს, გერმანიაში და ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფუნთუშაა. ის ზეთში იხარშება, ხილის კონფიტურის ან კრემის შიგთავსი აქვს, ზევიდან კი შაქრის პუდრა ან მინანქარით არის დაფარული.
ბერლინერი XVIII საუკუნიდანაა ცნობილი. ბავარიაში, ავსტრიაში და სამხრეთ ტიროლში ყველაზე პოპულარული ფუნთუშები გარგარის ჯემით მზადდება, ჩრდილოეთ გერმანიაში- მოხარშული კრემით. არანაკლებ გემრიელია ქლიავის, მარწყვის ან კენკრის მიქსის ფუნთუშებიც და მათ მთელ მსოფლიოში სიამოვნებით მიირთმევენ.
ჩვენც ვცადოთ მათი მომზადება, მით უმეტეს, ეს საკმაოდ მარტივია.
დაგვჭირდება:
500-600 გ ფქვილი
2 ჩ.კ. საფუარი
300 მლ რძე
2 კვერცხის გული
60 გ შაქარი
მწიკვი მარილი
50 გ კარაქი
1 ს.კ. კონიაკი ან არაყი
ვანილი
200 გ გარგარის, მარწყვის, ქლიავის ან ნებისმიერი სხვა კონფიტური
100 გ შაქრის პუდრა
მოვამზადოთ ცომი: თბილ რძეში გავხსნათ საფუარი, 1 ს.კ. შაქარი და ცოტაოდენი ფქვილი. გადავაფაროთ ჩაის ტილო და დავტოვოთ ერთი 20 წუთით სითბოში, საფუარის ამუშავებამდე.
ცალკე მოზრდილ ჯამში შევურიოთ ფქვილი, შაქარი, მარილი, ვანილი და ამოფუებული საფუარი. ჩავზილოთ, შემდეგ დავუმატოთ კონიაკთან ათქვეფილი კვერცხის გული და გამლღვალი კარაქი. კარგად მოვზილოთ ცომი, გადავაკრათ პლასტიკი და დავტოვოთ კიდე ერთი 2 საათით ამოსაფუებლად.
ცომი ორჯერ მაინც უნდა გაიზარდოს ზომაში.
ამის შემდეგ, გამოვძერწოთ დაახლოებით კაკლისოდენა ბურთები (დაახლოებით 20 ცალი გამოვა), გადავაფაროთ ჩაის ტილო და კიდე ერთი საათი ვაცადოთ.
ღრმა სქელძირიან ტაფაში გავახუროთ ბლომათ ზეთი, ამასობაშ ჩვენი ფუნთუშები კიდე გაიზრდება ზომაში. ჩაალაგოთ ფუნთუშები ტაფაში და მოვამზადოთ ორივე მხრიდან, სანამ არ გაოქროსფერდება.
გადავიტანოთ ქაღალდის ხელსახოცებზე, ზედმეტი ზეთი რომ დაიწრიტოს და საკონდიტრო შპრიცით ან ტომრით ამოვავსოთ სასურველი კონფიტურით.
ზევიდან მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!