საცივი
მოვიდა დრო ქართული სამზარეულოს დედოფალს, ყველაზე მთავარ საშობაო კერძს დავუთმოთ ადგილი. საცივის მომზადება არც ისე რთულია. მთავარია კარგი თეთრი ნიგოზი და არომატული სუნელები მოვიმარაგოთ. თუ ინდაურის ხორცი მაინც და მაინც არ გიყვართ, მოზრდილი დედალიც არაჩვეულებრივი იქნება. დედაჩემი საცივს ქათმის ბულიონზე ამზადებს, ხოლო შიგნით შემწვარი ინდაურის ხორცს ალაგებს და ეს ვარიანტი განსაკუთრებით მეგემრიელება.
დაგვჭირდება:
1 საშუალო ინდაური ან კარგი დედალი
600 გ ნიგოზი
3-4 საშუალო თავი ხახვი
4-5 კბილი ნიორი
1,5 ჩ.კ. ქინძი
2 ჩ.კ. ზაფრანა
1.5 ჩ.კ. უცხო სუნელი
0,5 ჩ.კ. დარიჩინი
0,5 ჩ.კ. მიხაკი
მარილი
წითელი წიწაკა
2 ს.კ. ძმარი
ქათამი ან ინდაური მოვხარშოთ.
ქათმის ცხიმში მოვთუშოთ წვრილად დაჭრილი ხახვი. რომ დარბილდება და ოდნავ გავარდისფრდება, ჩავუშვათ ბულიონში და წამოვადუღოთ.
ნიგოზი, ნიორი, სუნელები, მარილი და წიწაკა კარგად დავაბლენდეროთ, დავუმატოთ ცოტა ბულიონი, რომ გაიხსნას და ესეც ჩავუშვათ ბულიონში. ვადუღოთ ერთი 10 წუთი, თან სულ ვურიოთ, შემდეგ კი დავუმატოთ ძმარი და გამოვრთოთ ქურა.
ცხელ საცივში ჩავალაგოთ დაჭრილი და ძვალგამოცლილი ხორცი. რომ შეგრილდება, შევდოთ მაცივარში მინიმუმ 2 საათით.
ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!