top of page

Le Fraisier-ფრანგული კლასიკა


საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს, ასევე ცნობილს, როგორც მეფე -მზე, ყავდა მრჩეველი, ვინმე ანტუან დე ფრეზიე, რომელიც როგორც შემდგომში გაირკვა, სამხრეთ ამერიკის ჯაშუში იყო. სანამ მისი ჯაშუშობის ამბები ცნობილი გახდებოდა, ფრეზიემ საფრანგეთში ველური მარწყვის ბუჩქები ჩამოიტანა და მეფის კონდიტერებმაც მალე მარწყვისგან შესანიშნავი დესერტები შექმნეს. ფრეზიეს ბნელისაქმეები რომ გასკდა, მისი დეპორტაცია მოახდინეს, სამაგიეროდ დარჩა სახელწოდება (le fraisier- ფრანგულად მარწყვია) და არაჩვეულებრივი მარწყვის ტორტი-ფრეზიე, რომელიც დროთა განმავლობაში ფრანგული პატისერიის ერთ-ერთი მთავარ დესერტად იქცა.

ტორტის ბაზა-ბისკვიტი ჟენუაზია. მას მარწყვი და კრემი პატისიერი ამშვენებს.

სანამ მარწყვის სეზონი გასულა, ამ არაჩვეულებრივი დესერტის მომზადება გადავწყვიტეთ. ტორტის მომზადებას დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ ნუ შეშინდებით, უბრალოდ მიყევით ჩვენ ინსტრუქციას და საოცარ შედეგს მიიღებთ!

ბისკვიტისთვის დაგვჭირდება:

6 კვერცხი

200 გ შაქარი

200 გ ფქვილი

80 გ კარაქი

კრემისთვის დაგვჭრდება:

1 ლ რძე

6 კვერცხის გული

250 გრ შაქარი

100 გ სახამებელი

10 გრ ჟელატინი

500 მლ 33% ნაღები

200 გ კარაქი

ვანილი

სანამი:

წყალი – 50 გრ

შაქარი – 50 გრ

კონიაკი ან კენკრის ლიქიორი – 10 გრ

2 კგ მარწყვი

ბისკვიტს ორთქლის აბაზანაზე ვამზადებთ: ამისთვის დავდგათ წყალი ასადუღებლად. ცალკე ჯამში მოვათავსოთ კვერცხი და შაქარი, შემოვდგათ ორთქლის აბაზანაზე და ვთქვიფოთ ყველაზე დაბალ სიჩქარეზე ერთი 15-20 წუთი. მასა ისე უნდა გაცხელდეს, რომ თითზე გვკბენდეს.

ამის შემდეგ გადმოვდგათ და გავაგრძელოთ ყველაზე მაღალ სიჩქარეზე თქვეფა.მასა რომ გაგრილდება, დავამატოთ ფქვილი. ფქვილს ვამატებთ ნელ-ნელა და ნაზად ვურევთ, მიქსერის გარეშე. ბოლოს ვამატებთ გამლღვალ და გაგრილებულ კარაქს.

მიღებული მასა მოვათავსოთ საცხობ ფორმაში(24/26 სმ დიამეტრი) და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 25-30 წთ.

კრემისთვის პირველ რიგში ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში.

ავადუღოთ რძე. ცალკე გავთქვიფოთ შაქარი და კვერცხი, დავამატოთ სახამებელი და დავასხათ მდუღარე რძის ნახევარი. თან ვურიოთ. შემდეგ ეს მასა გადავიტანოთ მდუღარე რძეში და მოვხარშოთ კრემი დაბალ ცეცხლზე. როგორც კი წამოდუღდება, დავამატოთ ვანილი, ერთხელ ამოვურიოთ და გამოვრთოთ ქურა. გავწუროთ ჟელატინი, მოვათავსოთ ცხელ კრემში და შევურიოთ.

კრემს გადავაკრათ პლასტიკიი და გავაგრილოთ ბოლომდე.

სანამ კრემ გრილდება, მოვამზადოთ სანამი: წყალი და შაქარი ვადუღოთ 10 წუთი, მოვხარშოთ სიროპი, შემდეგ დავუმატოთ კონიაკი ან ლიქიორი.

კარგად ავთქვიფოთ კარაქი და ამ კარაქს დავუმატოთ ნელ-ნელა კრემი. შემდეგ კი შევურიოთ ათქვეფილი ნაღები.

ავაწყოთ ტორტი:

ტორტის ფორმაში, რომელსაც ძვრება ძირი, ამოვაკრათ სამზარეულო პლასტიკი. დავალაგოთ პირველ ფენად შუაზე გაჭრილი ლამაზი, მოზრდილი მარწყვები.

მარწყვები დავფაროთ კრემით და გადავასწოროთ.

ბისკვიტი გავჭრით შუაზე და ოდნავ შემოვჭრათ კიდეები, იმისათვის რომ მივიღოთ უფრო ნაკლები დიამეტრის ბისკვიტი, ვიდრე ჩვენი ფორმაა.

მოვათავსოთ ერთი ნახევარი ბისკვიტი კრემზე და კარგად დავნამოთ.

გარშემო დავალაგოთ შუაზე გაჭრილი ერთი ზომის მოზრდილი მარწყვები. შემდეგ კი ისევ ამოვავსოთ კრემით. შემდეგ ფენად გადავანაწილოთ შედარებით წვრილად დაჭრილი მარწყვი, დავაფინოთ ბოლო ფენა ბისკვიტი, რომელიც ასევე კარგად გვაქვს დანამული. ეს შემდგომში ჩვენი ტორტის ძირია. გადავაფაროთ ტორტს პლასტკი და მოვათავსოთ საყინულეში სრულ გაყინვამდე, მინიმუმ 6 საათით.

ამის შემდეგ, მოვაშოროთ პლასტიკი, ამოვატრიალოთ ტორტი თეფშზე და მოვხსნათ ფორმა.

ტორტი შევდოთ მაცივარში. მირთმევის წინ უნდა იყოს ცივი, მაგრამ არა გაყინული.

გემრიელად მიირთვით!

Featured Posts
Search By Tags
Follow Us
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
  • Facebook Clean
  • Twitter Clean
  • Instagram Clean
bottom of page