წიწაკის მურაბა
დღეს ვამზადებთ არაჩვეულებრივ მურაბას, ჯემს, გნებავთ სოუსს, რომელიც ერთბაშად ცხარეცაა, ტკბილიც და, თან ძალიან არომატული. ეს პიკანტური მურაბა საოცრად ეხამება ყველს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თქვენ მას სხვა დანიშნულებასაც მოუძებნით!
დაგვჭირდება:
1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
150 გრ ცხარე წითელი წიწაკა
1300 გრ შაქარი
1 ლ ვაშლის ძმარი
ემალირებულ ქვაბში ჩავასხათ ძმარი, მივიყვანოთ ადუღებამდე, დავუმატოთ შაქარი და ვადუღოთ დაახლოებით 10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
ამასობაში, წიწაკა კარგად გავრეცხოთ, მოვაშოროთ ყუნწები, ამოვაცალოთ თესლი და დავაბლენდეროთ (ცხარე წიწაკის გარჩევის დროს აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანი).
დავუმატოთ წიწაკა მდუღარე სიროპს და ვხარშოთ, სანამ სასურველ კონსისტენციამდე არ მივიყვანთ (დაახლოებით 40 წუთი).
ცხელი მურაბა ჩავასხათ შუშის ქილებში და მოვხუფოთ.
გემრიელად მიირთვით!