ქათმის ტაჯინი კარამელიზებული ხილით
პარასკევს საღამოს განსაკუთრებული ვახშამი გვაქვს- ქათმის ტაჯინს ვამზადებთ კომშით, ვაშლით, ნუშით და დარიჩინით. საოცრად გემრიელი და არომატული კერძია მთელი ოჯახისთვის.
დაგვჭრდება:
1 ქათამი
1 ვაშლი
1 მსხალი
1 კომში
8-10 პატარა ხახვი-შალოტი
1 დიდი თავი ხახვი
2 დარიჩინის ჩხირი
დამის წვერზე დაფქული დარიჩინი
1 ჩ.კ. გახეხილი ჯანჯაფილი
3 ს.კ. მთელ-მთელი ნუში
მწიკვი შაფრანი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
პატარა კონა ქინძი
2 ს.კ. თაფლი
25 გ კარაქი
მარილი
შავი წიწაკა
შაფრანი მოვხალოთ ტაფაზე, შემდეგ დავსრისოთ, დავასხათ ერთი ჭიქა თბილი წყალი და დავტოვოთ ასე გაციებამდე, რომ გაიხსნას და გამოუშვას ფერი და არომატი.
ქათამი გავრეცხოთ და დავანაწევროთ. ტაჯინში გავახუროთ ზეთი და მოვბრაწოთ ყველა მხრიდან ქათამი, შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი დიდი თავი ხახვი. რომ გაოქროსფერდება, დავუმატოთ ჯანჯაფილი, დარიჩინის ჩხირი, მარილი, წიწაკა, შეკრული ქინძის კონა, კარგად მოვურიოთ, მოვასხათ შაფრანის წყალი და ვთუშოთ ყველაფერი ერთად დაახლოებით 40 წუთი.
ხილი გავთალოთ, მოვაშოროთ გული და გავჭრათ 6 ნაწილად. სქელძირიან ტაფაზე გავალღვოთ კარაქი, დავუმატოთ თაფლი,კარგად მოვურიოთ და დავუმატოთ ხილი. მოვთუშთ ხილი, უნდა მოხდეს მათი კარამელიზაცია- ყველა მხრიდან თაფლით უნდა დაიფაროს, გაოქროსფერდეს და ოდნავ მოიბრაწოს. მოვაყაროთ დაფქული დარიჩინი.
გავარჩიოთ შალოტი, გავახუროთ ტაფაზე ზეთი და 10 წუთის განმავლობაში მოვბრაწოთ შალოტი, შევურიოთ კარამელიზებულ ხილს და ყველაფერი ერთად დავუმატოთ ქათამს. დავაფაროთ თავსახური და ვთუშოთ კიდე ერთი 15 წუთი ერთად. შემდეგ ამოვიღოთ ქინძი, მოვაყაროთ ოდნავ მოხალული ნუში და გამოვრთოთ ქურა.
გემრიელად მიირთვით!