ფატუში - ლიბანური სალათი
ფატუში- ლიბანური პურის სალათია, რომელსაც შებრაწული პიტასგან ამზადებენ. სალათის აუცილებელი ინგრედიენტები პიტასთან ერთად პომიდორი და ბოლოკია.
ფატუშის მოსამზადებლად ბოსტნეულს მსხვილად ჭრიან. ეს არის ძირითადი განსხვავება ფატუშის და ასევე ძალიან პოპულარული ლიბანური სალათის- ტაბულეს შორის. ტაბულესთვის ინგრედიენტები ძალიან წვრილად იჭრება.
ამ დღეებში აუცილებლად მოვამზადებთ ტაბულესაც, მაგრამ დღეს გემრიელი ფატუშის რიგია.
დაგვჭირდება:
1 კონა სალათის ფოთლები რომენი
10 ცალი პომიდორი ჩერი (ამ სეზონზე, როცა უგემრიელესი ქართული ვარდისფერი პომიდორია, ისიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. 2 ცალი საკმარისი იქნება, რადგან შემოდგომის ვარდისფერი პომიდორი დიდია ზომით)
2 საშუალო ზომის ბოლოკი
1 კბილი ნიორი
1 ლიმნის წვენი
2 ს.კ. წვრილად დაჭრილი პიტნა, ასევე რამოდენიმე მთელი პიტნის ფოთოლი
პატარა თავი წითელი ხახვი
1 ს.კ. მაშარაფი
2 ს.კ. კოწახური
შავი წიწაკა
მარილი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი
1-2 პიტა-პური (ლავაშიც გამოდგება)
დავჭრათ პური და გამოვაშროთ ღუმელში.
სალათის ფოთლები გავრეცხოთ, გავაშროთ და მსხვილად დავანაწევროთ. სალათის ფოთლებს დავამატოთ შუაზე გაყოფილი პომიდორი ჩერი (ან მსხვილად დაჭრილი სხვა პომიდორი), რგოლებად დაჭრილი ბოლოკი, რგოლებად დაჭრილი ხახვი, დაჭრილი და მთელი პიტნის ფოთლები.
ცალკე ავურიოთ ზეთი, მაშარაფი, კოწახური, ლიმნის წვენი, მარილი, წიწაკა.
სალათს დავუმატოთ გახუხული პური და მოვასხათ დრესინგი.
გემრიელად მიირთვით!