ევროპის და აზიის საზღვარზე- ვიქენდი სტამბოლში
დამთავრდა ზაფხული და ჩვენც ჩვეულ სამუშაო რითმს დავუბრუნდით. წელს ბევრი ვიმოგზაურეთ და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება სვხდასხვა ქვეყნების გასტრონმიულ მხარესაც დავუთმეთ.
ერთ-ერთი დაუვიწყარი ვიქენდი სტამბოლში გავატარეთ.
სტამბოლო, როგორც მას ფამუქმა უწოდა, მოგონებების ქალაქია. მართლაც, ერთხელ მაინც თუ ნახე ეს აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე სამი იმპერიის დედაქალაქი, ის მუდმივათ დარჩება მეხსიერებაში.
ცისფერი ლამაზმანი- სულთანაჰმედის მეჩეთი, გრანდიოზული სულეიმანიე, თოფქაფის და დოლმაბახჩეს სიმდიდრე და ფუფუნება, ცისტერნა ბაზილიკა და უზარმაზარი ანტიკური გორგონა-მედუზები, რომლის თვალებშიც დიდხანს ყურებამ შესაძლოა მართლაც გაგაქვავოს. გრანდ-ბაზარი- აღმოსავლური ზღაპარი თავისი ხმაურით, ხასხასა ფერებით, მრავალფეროვანი არომატებით და, რათქმაუნდა, სტამბოლის მარგალიტი - უმშვენიერესი, გასაოცარი აია სოფიაა! სხვა რომ არაფერი იყოს ამ ქალაქში, მხოლოდ მისთვის ღირს ჩამოსვლა!
აია სოფიას და ცისფერ მეჩეთთან ერთად სტამბოლის ღირშესანიშნობად აუცილებლად უნდა ვაღიაროთ სტამბოლელი კატებიც. ძაღლებს და კატებს აქ უვლიან და მათზე ზრუნავენ. თუმცა კატები მაინც განსაკუთრებული პატივით სარგებლობენ. მათ ყველგან შეხვდებით – კაფეებში, მუზეუმებში, მეჩეთებში. ამბობენ, მოჰამედს ისინი განსაკუთრებით უყვარდაო, ამიტომ სტამბოლი-კატების ქალაქიცაა.
გასტრონომიულ სტამბოლს რაც შეეხება, მის ხსენებაზე პირველი, რაც თვალწინ მიდგება "ოქროს რქის" ნავსაყუდელთან მდებარე გალათას ხიდია თავისი ათასი თევზის რესტორანით.
თვეზი და ზღვის პროდუქტი სტამბოლში ხორცზე იაფია. ამასთან, თურქების დამოკიდებულება საკვებთან ასეთია- ადამიანმა კარგად და ბლომად უნდა მიირთვას, ამიტომ პორციებიც საკმაოდ დიდი და ნოყიერია.
თურქები თევზისგან სვხადასვხა კერძებს ამაზადებენ, მაგრამ მე ვფიქრობ,რომ გრილზე შეწვა მათ ყველაზე უკეთ გამოდით.
აუცილებლად უნდა ვთქვათ ორი სიტყვა მარტივ და გემრიელ უბრალო საკვებზეც, რომელიც სტამბულში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყიდება: პირველ რიგში ესაა უგემრიელესი თურქული სეზამის მარცვლიანი ფუნთუშები- ბეიგელები(Simit), რომლებიც ჩემთვის, ისევე როგორც საფრანგეთში ყავა-კრუასანი, თურქული საუზმის განუყოფელი ნაწილია. (ისე ფრანგული კრუასანი თურქების მთავარ სიმბოლოს-ნახევარმთვარეს რომ იმეორებს, იცოდით?).
ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ თევზის სენდვიჩი, ე.წ. ბალიქ ექმექი (Balık Ekmek). ბოსფორზე ახლადდაჭერილ თევზს თქვენ თვალწინ შეწვავენ და მოამზადებენ.
მაგრამ თევზეულის სიმრავლის მიუხედავად, თურქები ხორციჭამიები არიან: გემრიელი და ნოყიერია თურქული ქოფთე (köfte)- ლავაშივით თხელ პურში გახვეული, სხვადასხვა სპეციებით შეზავებული გუფთები. რა თქმა უნდა, თურქული სამზარეულო წარმოუდგენელია ქაბაბის გარეშე: ადანა-ქებაბი, ისქანდერ ქებაბი(ე.წ. მაკედონელის ქაბაბი), შიშ ქებაბი და სხვა. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სპეციებს და სანელებლებს თურქები საკმაოდ თავშეკავებულად იყენებენ და ფარშს ძალიან გემრიელად და კარგად აზავებენ.
არც ვეგეტარიანელი დარჩება მშიერი სტამბოლში. სეზონური სალათების (Mevsim salatası) გარდა, თურქები საოცრად გემრიელად ამზადებენ ბოსტნეულს გრილზე. გარდა ამისა, თურქეთში შეხვდებით ბრინჯის ფლავის მრავალ ვარიაციას, მათ შორის ვეგეტარიანულსაც. ასევე ძალიან გემრიელია თურქული წვნიანები და აქ ჩემი ფავორიტი თურქული ოსპის სუპია (Mercimek Çorbası).
თურქული ყავა საქართველოში, განსაკუთრებით აჭარაში, პრაქტიკულად ისევე პოპულარულია, როგორც თურქეთში, მაგრამ ჩემი გული მაინც თურქულ ჩაის ეკუთვნის. პატარა, წელშიგამოყვანილი ჭიქებით რომ მოაქვთ, მაგარი, არომატული, ტანინიანი... აი, პირს რომ გიშრობს და გაფხიზლებს, ისეთი!
ასევე სტამბოლში ძალიან პოპულარულია ვაშლის ჩაი, რომელიც პირადად ჩემთვის ზედმეტად ტკბილი და პარფიუმერული აღმოჩნდა.
და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ადგილი თურქულ დესერტებს, ფახლავას, რაჰათ-ლქქუმებს და ჰალვას უნდა დავუთმოთ.
თურქული ნაყინი, იგივე დონდურმა (Dondurma)- გემოვნების ამბავია. ნამდვილ დონდურმას მხოლოდ თხის რძისგან ამზადებენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამტკიცებენ თურქული დონდურმას ყველაზე ცნობილ სანაყინეების ქსელში, Mado-ში (სხვათაშორის, ჩვენთან, თბილისშიც გაიხსნა ეგ ქსელი). მაგრამ უნდა გამოგიტყდეთ: ჩემზე, როგორც იტალიური ჯელატოს თაყვანისმცემელზე, დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.
აი, ფახლავას რაც შეეხება... მიუხედავად იმისა, რომ არც აღმოსავლური ტკბილეულის დიდი თაყვანისმცემელი გახლავართ და უპირატესობას ევროპულ დესერტებს ვანიჭებ, უნდა ვაღიარო, რომ თურქული ფახლავა, რაჰათ-ლუქუმი და ჰალვა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მით უმეტეს, აქ მათი ისეთი მრავალფეროვნებაა, აუცილებლად მოძებნით რამეს თქვენი გემოვნებით.
აქვე უნდა ავღნიშნო საოცრად გემრიელად მომზადებული გამომცხვარი ვაშლი და კომში თხილეულით და სანელებლებით, ასევე ჯემები და მურაბები. საყოველთაოდ ცნობილია თურქული ვარდის მურაბა,მაგრამ მე განსაკუთრებით ფორთოხლის და მანდარინის მურაბამ და სუნელებიანი გოგრის მურაბამ გამაოცა!
თურქული სამზარეულო ვითარდებოდა მრევალი ასწლეულის განმავლობაში და მასზე უზარმაზარი გავლენას მოახდინა ბერძნულმა, არაბულმა, ბალკანურმა და, ასევე, კავკასიურმა სამზარეულომ. თავის მხრივ, თურქებმაც მოახდინეს გავლენა თავიანთ მეზობლებზე, რისი ნათელი მაგალითი ჩვენთან ასეთი პოპულარული თურქული ყავა, ტოლმა, ქაბაბი და აჭარული ბაქლავაა.
რა თქმა უნდა, სტამბოლში მოგზაურობიდან არ დავბრუნებულვარ ხელცარიელი და გრანდ- ბაზრზე მონადირებული სანელებლების გარდა საინტერესო რეცეპტებიც ჩამოვიტანე.
გთავაზობთ 10, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო და გემრიელ თურქულ კერძს: